საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ელექტრონულადაც შესაძლებელი ხდება809 2013.09.03
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ელექტრონულადაც შესაძლებელი ხდება
2013 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება უკვე ელექტრონული ფორმით არის შესაძლებელი. ამ დრომდე დაინტერესებულ პირებს საჯარო უწყებებიდან ინფრომაციის მოთხოვნა წერილობითი სახით შეეძლოთ. დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია - უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის შესაძლებლობა, რეგისტრაცია და ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა. ინფორმაციის ელექტრონულად გაცემაზე ასევე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ინფორმაციის წერილობითი ფორმით მიღებას აქამდე არეგულირებდა. ამავე დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან პროაქტიულად გამოაქვეყნონ წინასწარ განსაზღვრული ინფორმაციების ნუსხა, რომელიც მრავალ საკთხს მოიცავს, მათ შორისაა, ზოგადი ინფორმაცია საჯარო დაწესებულების შესახებ, ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, ინფორმაცია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ, ინფორმაცია საჯარო დაწესებულების დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, სამართლებრივი აქტები. აღნიშნული ნუსხა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა. მიუხედავად იმისა, რომ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ადმინისტრაციული ორგანო არ თავისუფლდება ვადლებულებისგან მოთხოვნის შემთხვევაში წერილობითაც გასცეს ინფორმაცია. ინფრომაცია უნდა ახლდებოდეს და მიეთითოს განახლების თარიღი. დადგენილება ვრცელდება შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებზე - მთავრობის კანცელარია, სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებლო დაწესებულება, საქართველოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნული ინიციატივები „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI)-ის კოორდინირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტთან ერთად შემუშავდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ცვლილებების მიღების რეკომენდაცით მთავრობას რამდენიმე თვის წინ მიმართეს. სამოქალაქო საზოგადოებამ საჯარო დისკუსიების შემდეგ საბოლოო პაკეტი USAID-ის G-3” პროგრამის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის „კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში“ ფარგლებში მოამზადა. წყარო media.ge