918
2013.09.06
გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით მთავრობამ ამნისტიის პროექტი დაამტკიცა
5 სექტემბრის სხდომაზე, მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა იუსტიციის სამინიტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემიან ის პირები, ვინც, 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, ჩაიდინა პირდობის მოწმობის, პასპორტის (მათ შორის, საბჭოთა), სხვა სამგზავრო დოკუმენტის, დაბადების მოწმობის, დევნილის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის, სამოქალაქოაქტის რეგისტრაციის მოწმობის გაყალბებასთან დაკავშირებული დანაშაული.
ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ზემოაღნიშნული დანაშაულები ჩაიდინეს 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც ამ დანაშაულების 2009 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტები ან დოკუმენტებში არსებული არასწორი მონაცემები გამოიყენეს ამის შემდგომ პერიოდშიც. ამნისტიის აქტის საფუძველზე, ეს პირები თავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, ხოლო დევნილის მოწმობის გაყალბების შემთხვევაში, პირი აგრეთვე თავისუფლდება დევნილის ყალბი მოწმობის საფუძველზე მიღებული ფინანსური სარგებლის, კერძოდ, მიღებული ყოველთვიური შემწეობისა და ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახელმწიფოსათვის ანაზღაურების ვალდებულებისგანაც. იმისათვის, რომ პირმა ისარგებლოს ამნისტიით, მან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ან საკონსულო დაწესებულებას.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დევნილის ყალბ მოწმობას, ამავე ვადაში, მან განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თუ პირი უკვე ცნობილია ბრალდებულად, ის თავისუფლდება შესაბამისი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვის ვალდებულებისაგან და მას ამნისტია პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე შეეხება. ამნისტიის ეს აქტი არ ეხებათ მსჯავრდებულებს. აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მისი მიღება სახელმწიფოს დაეხმარება დააზუსტოს მოქალაქეთა შესახებ მონაცემთა ბაზა, ხოლო გაყალბებული დოკუმენტების მქონე პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ზუსტი მონაცემების შემცველი დოკუმენტები აიღონ ისე, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს.