1072
2013.09.10
მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკი იზრდება
პირის მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკი იზრდება და ის 28 წლის ნაცვლად, 30 წლით განისაზღვრება. ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები ფიცს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის წინაშე დადებენ. ამას "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მთავარი მიზანი აღნიშნულიკანონმდებლობის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პროექტი პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა ის იუსტიციის სამინისტრომ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე განათავსა. კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს პლენუმი აღარ გასცემს დასკვნას მოსამართლის ან კონსტიტუციით განსაზღვრულ პირთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციით საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების თაობაზე პარლამენტისთვის მიმართვის უფლებამოსილება მთავრობას მიენიჭა და ცალკეულ შემთხვევებში, ეს უფლებამოსილება ასევე პრეზიდენტს შეუნარჩუნდა, უზენაესი სასამართლოს პლენუმი, უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე რეკომენდაციებს წარუდგენს როგორც პრეზიდენტს, ისე მთავრობას. პროექტით გაიწერა რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცედურა. პროექტით ასევე წესრიგდება რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ გამწესებამდე მათი სამი წლის ვადით გამწესებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე შეიცვალა მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვის ვადა. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ პირი მოსამართლედ უვადოდ ინიშნება, რეზერვში ჩარიცხვაც, ნაცვლად სამი წლისა, მოხდება უვადოდ, მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა კი განხორციელდება მისი პირადი განცხადების ან მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში. რეზერვში მყოფ მოსამართლეს შეუნარჩუნდება თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება რეზერვში ჩარიცხვიდან სამი წლის განმავლობაში. შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც. კერძოდ, კონსტიტუციის მოთხოვნიდან გამომდინარე, კანონით განისაზღვრება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, რომელიც ჩაანაცვლებს პარლამენტის მიერ ასარჩევ საბჭოს ერთ წევრს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ დაკომპლექტებული იქნება 15 წევრისაგან - აქედან 8 წევრს აირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს აირჩევს პარლამენტი, ხოლო ერთ წევრს დანიშნავს პრეზიდენტი. გარდა ამისა, კანონში გაკეთდა მითითება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეხ ოფფიციო წევრია. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ არა პრეზიდენტის განკარგულების, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე. ასევე, პრეზიდენტის ნაცვლად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.
წყარო "ინტერპრესნიუსი"