802
2013.09.30
ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ პირთა წრე ფართოვდება
ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ თანამდებობის პირთა წრე ფართოვდება."საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის რეგულირების სფეროში ის თანამდებობის პირებიც მოექცევიან, რომლებზეც აღნიშნული კანონით დადგენილი შეზღუდვები და ვალდებულები არ ვრცელდება. ინიციატივის ავტორია იუსტიციის სამინისტრო. კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
ცვლილებების თანახმად, თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც "საჯარო სამსახურში ინტერესთაშეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება, ემატება: სამინისტროს სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე და მასთან გათანაბრებული პირი, ასევე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე. გარდა ამისა, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება დაეკისრება ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის შექმნილი ორგანიზაციებისა) ხელმძღვანელს და მათ მოადგილეებს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირის და იმ საწარმოს ხელმძღვანელს, რომლის აქციათა ან წილის 100%-ს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მომზადება განაპირობა საჯარო სამსახურის სფეროში ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარების მიზნით გამჭირვალობის ხარისხის ამაღლების და ქვეყნის მიერ ამ მიმართულებით აღებული საერთაშორისო ვარლდებულებების საჭიროებამ.
წყარო "ინტერპრესნიუსი"