წინასწარი პატიმრობის ნაცვლად ელექტრონული სამაჯურების გამოყენება იგეგმება1282 2013.10.28
წინასწარი პატიმრობის ნაცვლად ელექტრონული სამაჯურების გამოყენება იგეგმება
სამოხელეო და ეკონომიკურ დანაშაულზე ბრალდებული პირების მიმართ შესაძლოა ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმის გამოყენება დაინერგოს, რაც სპეციალური სამაჯურის მეშვეობით პირის გადაადგილების კონტროლს გულისხმობს. საპილოტე პროექტი6- თვიანი იქნება და თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება. საპილოტე პროექტის განხორციელება სახელმწიფოს 762 960 ლარი დაუჯდება, რაც გულისხმობს 100 ერთეული მოწყობილობის შეძენას და ყოველთვიური მოხმარების ხარჯებს. საბოლოო ჯამში, სრული პროექტის განხორციელება 2 132 640 ლარი დაჯდება. როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა წერეთელი აცხადებს, ამ პროგრამის შემოღებით დიდი რაოდენობით თანხის დაზოგვაა შესაძლებელი: “ბოლო 9 თვის მონაცემებით საქართველოში სამომხმარებლო და ეკონომიკურ დანაშაულზე სასჯელს 731 პირი იხდის, აქედან 171–ის შემთხვევაში საპატიმრო ღონისძიებაა გამოყენებული, რადგან დღეს პროკურატურა იძულებულია, თუ გირაო საკმარისი არ არის, პატიმრობა გამოიყენოს. ელექტრონული სამაჯურის გამოყენება დაახლოებით ⅓ დაჯდება იმ თანხისა, რაც სახელმწიფოს დღეს ერთი პატიმრის შენახვა უჯდება”, – აცხადებს კახა წერეთელი. სოზარ სუბარის თქმით, პრობაციის სააგენტოდან, პირველ რიგში, 10 ოფიცერი გამოიყოფა და მათ სპეციალური სწავლებები ჩაუტარდებათ იმის თაობაზე, თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. მინისტრის განცხადებით, თუ პროექტი გაამართლებს, არ არის გამორიცხული, ეს მექანიზმი სხვა ტიპის დანაშაულების შემთხვევაშიც იქნას გამოყენებული. საპატიმროებში ელექტრონული სამაჯურის გამოყენება ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე, აცხადებს დღემდე ელექტრონული სამაჯურები მხოლოდ იმ პირების მიმართ გამოიყენებოდა, ვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა აქვს დაკისრებული. წყარო netgazeti.ge