პოლიციას შესაძლოა, გამოსახლების უფლება ჩამოერთვას850 2013.11.04
პოლიციას შესაძლოა, გამოსახლების უფლება ჩამოერთვას
პოლიციას გამოსახლების უფლება შესაძლოა, ჩამოერთვას. უძრავი ქონებიდან საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას პარლამენტში ინიცირებული "სამოქალაქო კოდექსში" და "პოლიციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტი ფრაქცია"ქართული ოცნება - მრწეველების" წევრმა, პაატა კიკნაველიძემ მოამზადა. კანონის გათვალისწინებით, საპოლიციო გამოსახლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი უძრავ ნივთზე ხდება საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს ამ მოქმედების აღკვეთა მოსთხოვოს. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე პოლიციისგან მოითხოვოს, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით. პარლამენტში ინიცირებული პროექტით, "სამოქალაქო კოდექსის" და "პოლიციის შესახებ" კანონის ის მუხლები უქმდება, რომელიც პოლიციის მიერ გამოსახლების საკანონმდებლო საფუძველს ქმნის. როგორც კანონპროექტის ავტორი განმარტავს, კანონში არსებული რეგულირება საფუძველშივე არსებით ხარვეზს შეიცავს და ძირს უთხრის სამოქალაქო სამართლის ისეთ ინსტიტუტს, როგორიცაა მფლობელობა. "ნივთზე, მათ შორის უძრავ ნივთზე მფლობელობის უფლება ექსკლუზიურად წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებას არ უკავშირდება. უფრო მეტიც, "სამოქალაქო კოდექსის" მესამე წიგნით გათვალისწინებული არც ერთი გარიგება, რომლის საფუძველზეც არამესაკუთრეს ნივთის ფლობის უფლება წარმოეწობა, არ მოითხოვს სავალდებულო წერილობით ფორმას და შეიძლება ზეპირი ფორმით დადებულ გარიგებას ემყარებოდეს. ასეთი გარიგებები სამართლებრივად ნამდვილია. ასეთ ვითარებაში საპოლიციო გამოსახლება შეიძლება ნივთის მართლზომიერ მფლობელსაც შეეხოს. ამასთან, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი შეიცავს არა მარტო მფლობელობის, არამედ საკუთრების უფლების ხელყოფის საფრთხესაც", - მიიჩნევს ინიციატივის ავტორი. წყარო "ინტერპრესნიუსი"