საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა  და მასთან დაკავშირებული პროცედურები1664 2013.11.06
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და მასთან დაკავშირებული პროცედურები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არასაპატიმრო სასჯელის ერთ-ერთი სახეა.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის თავისუფალ დროს უსასყიდლო შრომას, რომლის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას განსაზღვრავს პრობაციის ბიურო. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებისათვის პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებელის დასახელება და მისამართი. ის ხელს უწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რეინტეგრაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას. ბრალდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას სასჯელის ზომად განუსაზღვრავს სასამართლო. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება 40-დან 400 საათამდე ვადით, დღეში არაუმეტეს 8 საათისა. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს. მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს კონტროლდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებით.