1780
2013.11.08
8 ნოემბერი ადვოკატთა პროფესიული დღეა
უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება. ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით 8 ნოემბერი ადვოკატთა დღედ 2011 წელს გამოცხადდა. ეს თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან სწორედ 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, რომელიც პროფესიით სწორედ ადვოკატი გახლდათ. ადვოკატის პროფესია ერთ–ერთიუძველესი და საჭირო პროფესიაა. მას ხშირად "სამართლებრივ ექიმსაც" კი უწოდებენ.თუკი ექიმი გაძლევთ სიცოცხლისთვის საჭირო რჩევებს, ადვოკატის რჩევა და სამართლებრივი დახმარება გიცავთ სწორად წარმართოთ თქვენი და თქვენი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესის ბედი. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას. ადვოკატი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები; დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ; ვ) მონაწილეობა მიიღოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში.
საადვოკატო ბიურო OK & CG ყველა მოქმედ თუ მომავალ ადვოკატს ულოცავს დღევანდელ დღეს! წარმატებულ და ნაყოფიერ პროფესიულ მოღვაწეობას ვუსურვებთ თითოეულ ჩვენს კოლეგას!