მამობის დადგენის რეგისტრაცია და თანმხლები პროცედურები1968 2013.11.15
მამობის დადგენის რეგისტრაცია და თანმხლები პროცედურები
მამობის დადგენის რეგისტრაცია ადასტურებს კონკრეტული პირის ბავშვის მამად ცნობას (აღიარებას), რითაც ბავშვი მოიპოვებს მემკვიდრეობის, მამის გარდაცვალების შემთხვევაში კი, მარჩენალის დაკარგვის გამო, პენსიის მიღების უფლებას; ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს. მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის, ორივე მშობლის ურთიერთშეთანხმებისას, უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს; რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება; ბავშვის დაბადების მოწმობა; მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. იმ შემთხვევაში თუ მინდობილი პირი ხართ და არა მშობელი, წარადგინეთ: სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი); ბავშვის დაბადების მოწმობა; ბავშვის მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი). მამობის დადგენის რეგისტრაცია, მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, ხორციელდება განაცხადის შეტანის დღესვე და არის უფასო; თუ ბავშვი განაცხადის წარდგენის დროს სრულწლოვანია, მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე, მისთვის გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით, ხოლო თუ ბავშვი ცნობილია ქმედუუნაროდ - სასამართლოს გადაწყვეტილებით.