2320
2013.11.27
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პატიმრობის კოდექსის ამოქმედებასთან ერთად შეიქმნა ადგილობრივი საბჭოები, რომელიც არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. საბჭო უფლებამოსილია მიიღოსერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: • სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე • სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე • სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე საბჭო ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე შემოსულ შუამდგომლობებს, რომლებიც წარმოებაში იქნება მიღებული, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს თვის ბოლომდე. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულებით დადგენილი კრიტერიუმების შეფასების ფორმულით. მსჯავრდებულს, მის დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, ახლო ნათესავს ან დაწესებულების დირექტორს, სადაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს, შეუძლია კანონით დადგენილი წესით საბჭოს წარუდგინოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია (მსჯავრდებულის დახასიათება და პირადი საქმე) და შესაბამისი შუამდგომლობა.
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვანის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ სამ თვეში.
ქალი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა - ყოველ 6 თვეში. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხებზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.