787
2013.11.29
სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობისათვის სანქციები გამკაცრდა
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების განკარგულების, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია გახუთმაგდა და 400-დან 2000 ლარამდე გაიზარდა. 2000 ლარამდე ჯარიმა, ან 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელოდება პირს მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სადღეისოდ მოქმედი სანქცია ასეთია: დაჯარიმება 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოს დაკისრება ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით. თუ
საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით.
პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფა, ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება სამ წლამდე ვადით.
წყარო "ინტერპრესნიუსი"