3693
2013.12.02
როგორ ხდება დოკუმენტის ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება
იმისთვის რომ ერთი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტის გამოყენება სხვა ქვეყანაში შეძლოთ, საჭიროა მისი ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება. ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის უტყუარობის ( აუთენტურობის) დამოწმებას.
აპოსტილით დამოწმება მარტივი, ერთსაფეხურიანი პროცედურაა, რომლის დროსაც დოკუმენტის დამოწმება მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების მიერ ერთჯერადად ხდება. ლეგალიზაცია - უფრო რთული პროცედურაა. ამ დროს დამოწმების პროცესში რამდენიმე უწყება მონაწილეობს. უცხოეთში წარდგენის მიზნით დოკუმენტის თარგმანის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციისათვის უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. თან უნდა იქონიოთ დასამოწმებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.
იუსტიციის სახლში ხორციელდება მხოლოდ აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტების თარგმნა. თარგმანი აუცილებლად მოწმდება აპოსტილით ან ექვემდებარება ლეგალიზაციას;
დოკუმენტის თარგმნა და თარგმანის დამოწმება ხორციელდება განცხადების შემოტანის დღიდან 8 სამუშაო დღის ვადაში. დაჩქარებული მომსახურების გაწევა შესაძლებელია ასევე 4 ან 2 სამუშაო დღის ვადაში და განცხადების შემოტანის დღესვე;
დოკუმენტის 1 გვერდის თარგმნის საფასური შეადგენს 20 ლარს.
ვინაიდან ადმინისტრაციული თარგმანი თავის მხრივ ექვემდებარება დამოწმებას, თარგმანთან ერთად დოკუმენტის დამოწმების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
8 სამუშაო დღეში დოკუმენტის დამოწმება - 20 ლარი;
ამ დოკუმენტის თარგმნა (ერთი გვერდი) - 20 ლარი;
თარგმანის დამოწმების საფასური (8 სამუშაო დღეში) - 20 ლარი.
საფასური იცვლება სათარგმნი გვერდების რაოდენობისა და დამოწმების ვადის მიხედვით. .