778
2013.12.04
კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებებისთვის
“გაყიდული საქონელი უკან არ ბრუნდება”, – ასეთი შინაარსის წარწერას მაღაზიებში უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ვეღარ შეხვდებით, შეძენილი საქონლის დაბრუნების, გადაცვლის, შეკეთებისა და სხვა ნორმებს “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონი დაარეგულირებს. “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონი 2012 წლის 8 მაისს გაუქმდა, რის შემდეგაც სამომხმარებლო სფერო რეგულირების გარეშე დარჩა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულმა ჯგუფმა ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო. კანონპროექტი რამდენიმე ასპქტს ითვალისწინებს, მათ შორისაა მომხმარებლის ინფორმირებულობა.
პროექტის თანახმად, იმისათვის, რომ მომხმარებელმა გააკეთოს სწორი არჩევანი, მას უნდა შეეძლოს სახელმწიფო ენაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი სხვა ენებზეც, მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, მწარმოებლის, მახასიათებლების, ვარგისიანობის და სხვა მონაცემების შესახებ. ისეთი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლის უსაფრთხოებას უკავშირდება, დატანილი უნდა იყოს პროდუქტის საცალო შეფუთვაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ეს ინფორმაცია პროდუქტს სხვა სახით უნდა ახლდეს თან.
კანონპროექტის თანახმად, პროდუქტი შეძენისას უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელშეკრულებაშია აღწერილი, ან რისი მოლოდინიც არსებობს რეკლამის, ეტიკეტის და ზეპირსიტყვიერად პროდუქტის გაცნობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს- დააბრუნოს პროდუქტი, მოითხოვოს ნაკლოვანების აღმოფხვრა, პროდუქტის შეცვლა, ან ზიანის ანაზღაურება. თუკი პროდუქტის ნაკლი პროდუქტის საგარანტიო პერიოდშია აღმოჩენილი, მომხმარებელს შეუძლია უსასყიდლოდ მოითხოვოს ნაკლის აღმოფხვრა საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგაც. ასევე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (როდესაც საქმე ეხება მალფუჭებად, ჰერმეტულად დაცულ, ჰიგიენურ ან სხვა ტიპის პროდუქციასა, ან პროდუქტს დაკარგული აქვს პირველადი სახე), მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარი თქვას ხელშეკრულებაზე პროდუქციის შეძენიდან 14 დღის განმავლობაში.
კანონპროექტში მომხმარებლის უფლებების დაცვა იმ შემთხვევაშიცაა გათვალისწინებული, თუკი მას უსამართლო ხელშეკრულება დაუდეს, ან რეკლამის მეშვეობით შეიყვანეს შეცდომაში.
კანონპროექტის თანახმად, ხელშეკრულების პირობები ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე უნდა შედგეს და “კეთილსინდისიერების პრინციპებს” აკმაყოფილებდეს. ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობები მომხმარებლის სასარგებლოდ განიმარტება და მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. ხოლო რეკლამა, რომელიც მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას შეუქმნის პროდუქტზე, ჩაითვლება შეცდომაში შემყვან რეკლამად.
იმისათვის, რომ მომხმარებელთა ზემოთ აღნიშნული უფლებები დაცული იყოს, კანონპროექტის თანახმად უნდა შეიქმნას მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი. ომბუდსმენს 4 წლის ვადით პრემიერ–მინისტრი დანიშნავს და გარდა მომხმარებლების უფლებების რეალიზაციისა, ის კვლევით და შეფასებით საქმიანობასაც განახორციელებს. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს. თუმცა, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე აცხადებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბება ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. კანონპროექტი პარლამენტში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დარეგისტრირდება.
წყარო netgazeti.ge