საქართველო მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს კონვენციას მიუერთდა1319 2012.10.18
საქართველო მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს კონვენციას მიუერთდა
2011 წლის 26 დეკემბერს,მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს კონვენციასთან საქართველოს მიერთების საკითხთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა. „საქართველო, მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიკაციით, სრულად იღებს იმ ვალდებულებებს, რასაც აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფოს აკისრებს მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ მათი უფლებები და თავისუფლებები, შევუქმნათ მათ ის პირობები, რაც ცხოვრებას გაუმარტივებს და საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაციაში დაეხმარება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში ქალბატონი სიმონე ვოლკენი მიესალმა. „მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კონვენციის რატიფიკაცია გულისხმობს უფრო მაღალ სტანდარტს საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში. გლუკი მიესალმება რატიფიკაციას, ულოცავს საქართველოს ამ მიღწევას და მზადყოფნას აცხადებს, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს კონვენციის განხორციელებაში ‘’- აღნიშნა სიმონე ვოლქენმა, გლუკის წარმომადგენელმა საქართველოში. მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს კონვენცია 1960 წლიდან მოქმედებს. ის სახელმწიფოს ავალდებულებს, შესთავაზოს მოქალაქეობის არმქონე პირს ანალოგიური ან უკეთესი პირობები, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ, დაიცვას მოქალაქეობის არმქონე პირის რელიგიური, ქონებრივი, საავტორო და სამეწარმეო უფლებები, შეუქმნას მას შრომისა და განათლების შესაძლებლობა, მიანიჭოს გადაადგილების თავისუფლება და უზრუნველყოს პირადობის დამადასტურებელი და სამგზავრო დოკუმენტებით და სხვ.