1769
2013.12.25
რა უპირატესობა აქვს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს?
კანონმდებლობის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის გამოყენებისათვის არ არის აუცილებელი მისი რეგისტრაცია, უფრო მეტიც, სასაქონლო ნიშნის დამკვიდრებისა და მასზე უფლებების მოპოვების ერთ-ერთი გზა სწორედ მისი ინტენსიური და ხანგრძლივი გმოყენებაა. მაგრამ, მხოლოდ რეგისტრაცია იძლევა სასაქონლო ნიშნების სრულყოფილი დაცვის სათანადო გარანტიას. იგი წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის განკარგვისა და მასზე განსაკუთრებული უფლებების შეუფერხებელი აღსრულების მყარ საფუძველს. ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ როგორც წესი, საყოველთაოდ ცნობილი ნიშნების მფლობელები არ იფარგლებიან ასეთი ნიშნების რეგისტრაციის გარეშე დაცვის გარანტიით და მაინც არეგისტრირებენ მათ. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის აუცილებელია (მაგრამ არასაკმარისი), რომ იგი იყოს დაცვითუნარიანი, ანუ მას უნდა გააჩნდეს საკმარისი განმასხვავებლობა და არ ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს.
არასაკმარისი განმასხვავებლობის მქონე ნიშნებად საქართველოს კანონმდებლობით მიჩნეულია:
აღწერილობითი ნიშნები, რომელიც აღწერს იმ საქონელს ან მომსახურებას, რომლისთვისაც რეგისტრირდება; მაგალითად, ნიშნები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ ხარისხის, რაოდენობის, ღირებულების, დანიშნულების აღმნიშვნელ სიტყვებს ან მიუთითებენ მხოლოდ საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე;
გვარეობითი ცნება და საქონლის ან მომსახურებისათვის საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინი ან სიმბოლო;
არასტილიზებული (სტანდარტული) ერთი ასო ან ციფრი ან ცალკე აღებული ერთი ფერი;
მოცულობითი ნიშანი, რომლის ფორმა განპირობებულია მხოლოდ საქონლის თვისებებით ან აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად.
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიუღებელია და არ მიიჩნევა დაცვისუნარიანად ნიშნები, რომლებიც:
შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს;
შესაძლოა მცდარ წარმოდგენას უქმნიდეს მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ;
წარმოადგენს სახელმწიფოს, საჯარო დაწესებულებების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოსაყენებლად გათვალისწინებულ აღნიშვნებს. ასეთი ნიშნები შეიძლება შევიდეს სასაქონლო ნიშანში მხოლოდ დაუცველი ნაწილის სახით, თუ იარსებებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ნებართვა.