1223
2014.01.06
ახალი წლიდან დეკრეტული შვებულების პერიოდი და ანაზღაურება გაიზარდა
დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობისა და დეკრეტული ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით "შრომის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. კერძოდ, "შრომის კოდექსში" შეტანილი ცვლილებების თანახმად, დასაქმებულს, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა. აქედან ანაზღაურებადი იქნება 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების, ან ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.
დეკრეტული შვებულებების გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იმ პირებზეც აისახება, რომლებსაც ახალშობილი შვილად აჰყავთ. კერძოდ, დასაქმებულს, რომელიც ერთ წლამდე ასაკის ბავშვს იშვილებს, დეკრეტული შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნული შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და მისი გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, "შრომის კოდექსში" შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი თანხის ოდენობა არა უმეტეს 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამასთან, კანონი ამბობს, რომ დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება დამატებით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.
წყარო www.bpn.ge