2467
2014.01.17
რა შემთხვევაშია აუცილებელი იჯარის უფლების რეგისტრაცია
უძრავ ნივთზე იჯარის უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამისს რეესტრში. იჯარის უფლების წარმოშობის შემდგომ მოიჯარეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული უძრავი ნივთით. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით.
მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის უფლების წარმოშობისთვის სავალდებულოა ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იჯარის ხელშეკრულების ერთერთი მხარე კერძო სამართლის იურიდიული პირია (სპს, კს, სს, შპს, კოოპერატივი), წინააღმდეგ შემთხვევაში იჯარის უფლების წარმოშობისთვის არ არის სავალდებულო ამ უფლების რეგისტრაცია.
უძრავ ქონებაზე იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი;
სათანადო წესით დამოწმებული (სანოტარო წესით ან საჯარო რეესტრში უფლებამოსილი პირის მიერ), იჯარის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.