1288
2014.02.10
ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის ღონისძიებები
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცალკე თავი ეთმობა ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანის დაცვის ღონისძიებებს. აღნიშნული კანონის მიხედვით,ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობა უპირობო საფუძველია იმისა, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით დაისვას მოძალადე მშობლისაგან მისი განცალკევების საკითხი.
სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერით არეგულირებს მოძალადე მშობლისაგან ბავშვის განცალკევებისსაკითხს. კანონის მე–11 მუხლის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ამ მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს ბავშვთან მოძალადე მშობლის ურთიერთობის საკითხს. ბავშვის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისათვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა ბავშვის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის ბავშვის ერთობლივი მეურვეობის უფლების დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.
სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს მოძალადე მშობლის მიერ ბავშვის მონახულების ვადებს. მშობელს ბავშვის მონახულების უფლება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბავშვის მონახულების ადგილს, დროს, პერიოდულობას, ხანგრძლივობას და პირს, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე. თუ ბავშვის მიმართ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, იზღუდება მოძალადე მშობლის მიერ ბავშვის მონახულების უფლება. თუ აღნიშნული შეზღუდვა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მშობელს, რომლის უფლებაც იზღუდება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს ბავშვის მონახულების პირობების შეცვლის მოთხოვნით. მოძალადის მიერ ბავშვის მოტაცების ან სხვა სახის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობისას სასამართლო გადაწყვეტილებით მოძალადეს შეიძლება აეკრძალოს მისი მონახულების უფლება გარემოების შეცვლამდე.