ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონში ცვლილებები შედის1291 2014.02.13
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონში ცვლილებები შედის
ცოცხალ დონორთა წრე ფართოვდება. ამ წრის გაზრდა რეციპიენტის (ადამიანი, რომელსაც მკურნალობის მიზნით სხვა ადამიანის ორგანო გადაენერგა) მეუღლის ნათესავების ხარჯზე ხდება. "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და ის განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა. მოქმედი კანონის მიხედვით, ცოცხალ დონორთაწრე მოიცავს რეციპიენტის გენეტიკურ ნათესავებს, ასევე რეციპიენტის მეუღლეს, თუკი ქორწინებიდან გასულია სულ მცირე ერთი წელი და რეციპიენტის მეუღლის ნათესავებს (მეუღლის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა), როცა ქორწინებიდან გასულია არა ნაკლებ ორი წელი. "რეციპიენტის ცოცხალ დონორთა წრის შიგნით ორგანოს გადანერგვა შესაძლებელი არ არის. მაგალითად, თუ ცოლის ძმა შეიძლება იყოს სიძის დონორი, ასევე იმავე ცოლის ძმას უნდა ჰქონდეს უფლება გადანერგვის მიზნით, ორგანო მისი სიძისგან - დის ქმრისგან მიიღოს, რაც დღესდღეობით, მოქმედი კანონის გათვალისწინებით, შეუძლებელია", - განმარტავს კანონპროექტის ავტორი. დიმიტრი ხუნდაძის მიერ შემუშავებული პროექტი სწორედ რეციპიენტის ცოცხალ დონორთა წრის შიგნით, კერძოდ, მეუღლის ნათესავებს შორის ორგანოთა გადანერგვას ხდის შესაძლებელს. კანონპროექტის თანახმად, ეს ნათესავები არიან: რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (ქმრის და/ცოლის და), ძმა (ქმრის ძმა/ცოლის ძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი). დეპუტატი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილება დაარეგულირებს და შესაძლებელს გახდის თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებული პირისთვის ცოცხალი დონორის მოძიებას მეუღლის ნათესავების წრიდან. წყარო "ექსპრესნიუსი"