1875
2014.02.25
უზენაესი სასამართლოს განმარტება ნარდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთანარდობის ხელშეკრულებისას გადახარჯვის ანაზღაურების თაობაზე(№ას-888-834-2012). საკასაციო სასამართლომ მყარად განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვისას მენარდის სარჩელი სამშენებლო პროექტის კორექტირებით გამოწვეული გადახარჯვის ანაზღაურების თაობაზე არ დააკმაყოფილა. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადახარჯვის ანაზღაურებას შესახებ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: შეუძლია თუ არა მენარდეს გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნა და თუ შეუძლია, რა შემთხვევაში? საერთო წესის მიხედვით, მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური.
ამ წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:ა. მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით; ბ. მენარდემ მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბა; გ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გათვალისწინება შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას; დ. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ მენარდემ დაუყოვნებლივ შეატყობინა შემკვეთს. სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ ყველა ზემოაღნიშნული პირობა ერთდროულად არსებობდეს.
ამასთან, უპირველესად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ვინაიდანზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს სწორედ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით,ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი მდგომარეობს იმაში, რომთუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც შემკვეთი მენარდისაგან მიიღებს შეტყობინებას მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შესახებ, მას შეუძლია, მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, თუ იგი თანახმაა, გადაიხადოს გაზრდილი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ მოისურვებს გაზრდილი ანაზღაურების გადახდას, მას შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო. მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მყარი ხარჯთაღრიცხვა სახეზეა მაშინ, როდესაც ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის.მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს.
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს.თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით(ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომმყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება.
განსახილველ საქმეზე, ვინაიდან მხარეთა შორის მყარი ხარჯთაღრიცხა იყო შეთანხმებული, საკასაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მენარდეს შეეძლო, ესარგებლა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და მოეთხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. ასეთი უფლებით მას არ უსარგებლია. საწინააღმდეგო ვითარებაშიც კი, თუკი მიჩნეული იქნებოდა მხარეთა შორის მიახლებით ხარჯთაღრიცხვაზე შეთანხმება ნამდვილად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მენარდის მოთხოვნა გადახარჯვის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი არსებითი წინაპირობა, კერძოდ, მოსარჩელე (მენარდე) ვალდებული იყო, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებინა შემკვეთისათვის.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობის პროექტის კორექტირებით გამოწვეული გადახარჯვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მენარდეს, კერძოდ, მშენებლობის პროექტის კორექტირება ყოველთვის არ იწვევს მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდას. თეორიულად პროექტის კორექტირებამ შეიძლება გამოიწვიოს მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის, როგორც გაზრდა, ასევე, შემცირება, ისევე, როგორც შესაძლებელია ხარჯთაღრიცხვა არც შეიცვალოს.
მენარდემ, უპირველესად, ის უნდა დაადასტუროს, რომ სწორედ პროექტის კორექტირებამ გააძვირა აშენების ღირებულება და შემკვეთი თანახმა იყო სამუშაოების გაგრძელებაზე გაძვირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. გადახარჯვის ანაზღაურება შედის მენარდის და არა შემკვეთის ინტერესებში, ამიტომ კანონი სწორედ მენარდეს ავალდებულებს, დაუყოვნებლივ აცნობოს შემკვეთს მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ. ამ მოქმედებით მენარდე შემკვეთს ატყობინებს, რომ მას სურს, მიიღოს გადახარჯვის ანაზღაურება, თუ გადახარჯვის მიუხედავად, შემკვეთი მაინც მოისურვებს სამუშაოების დასრულებას. მენარდე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს გადახარჯვის ანაზღაურებას, თუ აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ შემკვეთი მოითხოვს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას გაზრდილი ხარჯთაღრიცხვით, ანუ იგი თანახმა იქნება გადახარჯვის ანაზღაურებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემკვეთს შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება, რა დროსაც იგი ვალდებული იქნება, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მხოლოდ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. იხილეთგადაწყვეტილება სრულად