922
2014.02.27
ცეცხლსასროლი იარაღის ქვეყნიდან გატანის წესში ცვლილებებია
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდაუცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჯილდოდ მიღებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის წესი. აღნიშნულიწესი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოდან გატანის პროცედურებსა და პირობებს. წესის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა.
ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედისაჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ნებართვის მისაღებად მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) სათანადო დოკუმენტი, რომლის წარდგენაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში თან უნდა იქონიოს: ა) საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა; ბ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შესაბამისი თარგმანი, რომელსაც უზრუნველყოფს ჯილდოს გამცემი სახელმწიფო ორგანო/თანამდებობის პირი; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. მინისტრის ბრძანება 2014 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.