დამისამართების პროექტი 2012 წელს დასრულდება1070 2012.10.18
დამისამართების პროექტი 2012 წელს დასრულდება
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დამისამართების პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა და სამოქალაქო რეესტრის მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს… საჯარო და სამოქალაქო რეესტრები თითქმის ერთი წელია აქტიურად მუშაობენ სამისამართო სისტემის შექმნის პროექტზე. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას. გამართული სამისამართო სისტემა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას. 2012 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. იუსტიციის სამინისტრო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით, სოფლის ტიპის დასახლებებში, აქტიურად განახორციელებს დამისამართების კუთხით ყველა საჭირო ღონისძიებებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე იგეგმება ახალი მისამართების შექმნა და მათზე რეგისტრირებულ პირთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იდენტიფიცირება. სამუშაოები შესრულდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხრა რეგიონში, რაც საერთო ჯამში, 270 სოფლის ტიპის დასახლებას მოიცავს. სამისამართო სისტემის შექმნის პროექტის განხორციელებით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. სამისამართო ბაზა შეივსება სხვადასხვა მონაცემებით – ქუჩის მიმართულება, დასახელება, დასამისამართებელი ერთეულის დანიშნულება და ტიპი (მაგ.: საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, კულტურული, სავაჭრო, საწარმოო თუ სხვ. შენობა), განისაზღვრება შენობის შიგნით ფართობების დანიშნულება (მაგ.: ლოჯია, სარდაფი, აივანი, სხვენი, სადარბაზო, ლიფტის შახტი, ავტოფარეხი, საოფისე-კომერციული ფართი და ა.შ.) ყველა კონკრეტულ ბინას მიებმება ინფორმაცია საკადასტრო კოდის, კომუნალური მომსახურების აბონენტის ნომრის, მობინადრეების და სხვათა შესახებ.