1854
2014.03.17
უზენაესი სასამართლოს განმარტება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ბოლო ჩანაწერის მნიშვნელობაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთასაჯარო რეესტრში რეგისტრირებული ბოლო ჩანაწერის მნიშვნელობის თაობაზე(№ას-340-325-2012). საკასაციო სასამართლომ უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ მოპასუხის რეგისტრაციის საფუძვლის კანონიერება სარჩელის საგანს არ წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მიხედვით, რეესტრის ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს.
მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 6 ივნისს მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებულმა ჩანაწერმა ძალა დაუკარგა სადავო ქონებაზე მოსარჩელის ადრინდელ ჩანაწერს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი აღარ ითვლება ამ ქონების მესაკუთრედ.თავად მოსარჩელეც ვერ უარყოფს იმ გარემოებას, რომ იგი აღარ არის სადავო ქონების მესაკუთრე, ამიტომაც მოითხოვს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობას და ამ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი იმ სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა იყო, რომელიც არსებობდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრაციამდე.
სასამართლოს განმარტებით,თუ უძრავი ნივთის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაცია ძალადაკარგულია ახალი რეგისტრაციით, მაშინ ამ უკანასკნელი რეგისტრაციის გაუქმება (ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადება) და რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებულია მოთხოვნა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო (უფლების დამადასტურებელი) დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების და სხვა) გაუქმების თაობაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლისა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არა თუ არ ჰქონდა წამოყენებული მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული სარეგისტრაციო დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების თაობაზე, იგი არც კი მიუთითებდა ამ აქტის უკანონობაზე, არამედ მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიიჩნევდა კომლიდან მისი გამოყოფის შესახებ სოფლის გამგეობის გადაწყვეტილების უკანონობას (მას კომლიდან გამოყოფის შესახებ განცხადებით გამგეობისათვის არ მიუმართავს), საკასაციო პალატამ აღნიშნა შემდეგი: სარჩელის საგანს არ წარმოადგენს წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის გამგეობის 1997 წლის 20 მარტის №29 გადაწყვეტილება მოსარჩელის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, შესაბამისად, სასამართლო არაა უფლებამოსილი იმსჯელოს ამ გადაწყვეტილების, ისევე როგორც მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, კანონიერებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის გამგეობის 1997 წლის 20 მარტის №29 გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №59/4 აქტი - ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
ამ სამართლებრივი აქტების წინააღმდეგ აღძრული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და, შესაბამისად, ასეთი დავა შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული და არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. იხილეთგადაწყვეტილება სრულად