955
2014.03.20
მოქალაქეთა განცხადების განხილვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა პერსონალურ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა (მონაცემთა სუბიექტთა) განცხადებების განხილვა. განცხადების განხილვისას ინსპექტორი სწავლობს და აფასებს წარმოდგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირებისგან ითხოვს დამატებით მასალას და ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის შემოწმებას (ინსპექტირებას). მოქალაქეთა განცხადებების განხილვისას ინსპექტორს შეუძლია, გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია მონაცემთა დამმუშავებლისაგან, რომელიც ვალდებულია მიაწოდოს მას მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყონებლივ, არაუგვიანეს 15 დღეში.
მოქალაქის განცხადების განხილვის შედეგად, მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების დარღევის აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტორი უფლებამოსილია
მოითხოვოს დამრღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება;
მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა;
მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია;
მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შეწყვეტა;
მონაცემთა დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირს გაუწიოს რეკომენდაციები მათ მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში.
განცხადების განხილვის შედეგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უფლებამოსილია მონაცემთა დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირს დააკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა. ინსპექტორის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა და მისი გასაჩივრება შეიძლება სასამართლოში, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად. :