2805
2014.03.24
როგორ ხდება უძრავი ქონების ლეგალიზაცია
სამოქალაქო კოდექსის თანახმად უძრავი ქონება განმარტებულია, როგორც მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. რეგისტრაციის მიზნებიდან გამომდინარე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ,, საქართველოს კანონის თანახმად, უძრავი ნივთი განმარტებულია, როგორც მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.
საჯარო რეესტრისეროვნულ სააგენტოში 2012 წლის 1 აპრილამდე შეტანილ მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ სარეგისტრაციო განცხადებებზე, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (აგრეთვე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, რომელთაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის შეცვლილი აქვთ მიზნობრივი დანიშნულება და გადაყვანილი არიან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში) ლეგალიზების საფუძველია 2007 წლის 1 იანვრამდე კანონის დარღვევით შედგენილი: მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა; მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი; საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც გაცემის საფუძვლად მითითებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც კანონის დარღვევითაა შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა; მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი; საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც გაცემის საფუძვლად მითითებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია, ,,უძრავი ქონების ლეგალიზების შესახებ,, საქართველოს კანონი დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას მოიპოვოს საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე.
ლეგალიზების საფასური ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 15 ლარს. უძრავი ქონების ლეგალიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტის ასლი;
ლეგალიზების საფუძველი (2007 წლის 1 იანვრამდე კანონის დარღვევით შედგენილი: მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა; მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი; საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც გაცემის საფუძვლად მითითებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია.)
ლეგალიზების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.