უზენაესი სასამართლოს განმარტება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ1500 2014.03.25
უზენაესი სასამართლოს განმარტება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთასარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად მოსარჩელისაგან განსხვავებულად შეფასების შესაძლებლობისა და ამ შესაძლებლობის რეალიზების პირობებში ორივე მხარის ინტერესების დაცვის აუცილებლობის თაობაზე(№ას-1350-1275-2012). მოცემულ საქმეზე მოსარჩელენ. მ. მოითხოვდა ა.ლ-სთან გაფორმებული უძრავი ქონების თხოვების ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება იყო არა მოტყუებით, არამედ შეცდომით დადებული გარიგება და სწორედ ამ საფუძვლით ცნო ბათილად. საკასაციო საჩივარში მოპასუხემ მიუთითა, რომ ვინაიდან ორივე ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე დავობდა ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობის თაობაზე, ა.ლ-ს არ მიუთითებია სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, მაშინ როდესაც, შეცდომით დადებული გარიგების შეცილებისათვის კანონით დადგენილი ვადა ამოწურული იყო. მოპასუხეს არ მიეცა საშუალება, ამ გარემოებაზე მიეთითებინა, რითაც მისი კანონიერი ინტერესები დაირღვა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომსარჩელისაგან განსხვავებული სამართლის ნორმების გამოყენება არ გულისხმობს გარიგების შეცილების საფუძვლის შეცვლას. მხარის განმარტება მის თაობაზე, რომ იგი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, სარჩელის ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილია და არა ნორმატიული საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხარისათვის მოულოდნელი არ უნდა იყოს და ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს, როგორც სარჩელსა და შესაგებელში ასახული გარემოებების შეფასებიდან, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებების და მტკიცებულებათა შეფასების შედეგად გაკეთებული დასკვნებიდან. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ის გარემოება უნდა მიიღოს მხედველობაში, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარე ახალ ფაქტებზე საკასაციო სასამართლოში ვერც საპატიო მიზეზის არსებობისას მიუთითებს, მით უფრო, რომ საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაა და იგი საქმეზე ფაქტობრივ გარემოებებს არ ადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეს აღარ აქვს შესაძლებლობა, პროცესუალური საშუალებების გამოყენებით დაიცვას თავი მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებისაგან. ამგვარი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით,თუ სააპელაციო სასამართლო დავის განხილვისას მიიჩნევს, რომ ამ საქმის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სარჩელში აღნიშნულისაგან განსხვავებული ნორმები და ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად განსხვავებულად უნდა შეფასდეს, მან ასევე უნდა შეაფასოს, გამოიწვევს თუ არა, ამგვარი ცვლილება მეორე მხარის ინტერესების დარღვევას და თუ წარმოიშობა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოპასუხეს, შეიძლება, შეეზღუდოს შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა, საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დაბრუნდეს. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზემდგომ ინსტანციებში, ამდენად, ჩვეულებრივ პირობებში, ხანდაზმულობის საკითხის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამიმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მოსარჩელისაგან განსხვავებულად აფასებს მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას და მოპასუხეს ობიექტურად არ აქვს საშუალება გარკვეულ გარემოებებზე (ხანდაზმულობის ჩათვლით) მითითებით დაიცვას თავი სარჩელისაგან, ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრა ზემდგომ ინსტანციაში დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული.სააპელაციო სასამართლოსათვის, ამგვარ ვითარებაში ხანდაზმულობაზე მითითება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევად უნდა შეფასდეს. იხილეთგადაწყვეტილება სრულად