განმარტება ბინის ხელშეუხებლობის დარღვევასა და იძულების დანაშაულს შორის ზღვარის შესახებ894 2014.03.28
განმარტება ბინის ხელშეუხებლობის დარღვევასა და იძულების დანაშაულს შორის ზღვარის შესახებ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რითაცზღვარი გაავლო ბინის ხელშეუხებლობის დარღვევისა და იძულების დანაშაულებს შორის (იხ. განაჩენი #202აპ-13). ქუთაისის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ ხ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ: ხ. ზ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ დაზარალებულს სთხოვდა შერიგებას, მასთან საცხოვრებლად გადასვლას, ხოლო უარის გამო აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მოკვლით. დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ხ. ზ. ემუქრებოდა და აგინებდა დაზარალებულს, მისი სახლის კარს ურტყამდა ფეხს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებები (მუქარა, გინება, კარზე ფეხის არაერთჯერადი დარტყმა) წარმოადგენს დაზარალებულის ფსიქიკურ იძულებას, მისი ნების საწინააღმდეგოდ, შერიგებოდა ყოფილ მეუღლეს და ნაგირავებ სახლში ეცხოვრა მასთან ერთად. შესაბამისად, სახეზეა ხ. ზ-ს განზრახი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დაზარალებულის ფსიქიკური იძულებისაკენ, შეესრულებინა მოქმედება (შერიგებოდა და ეცხოვრა მასთან ერთად), რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება დაზარალებულის უფლებას წარმოადგენდა. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დასჯად ქმედებას წარმოადგენს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ფსიქიკური იძულება შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, ხოლო ამ დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - მსხვერპლის ნება-სურვილის საწინააღმდეგო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა და კვალიფიკაციაც არასწორად განსაზღვრა, როდესაც მსჯავრდებულ ხ. ზ-ს მსჯავრი დასდო საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლის მცდელობაში, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობის მუქარით, მაშინ, როდესაც ხ. ზ-მა ჩაიდინა იძულება - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საბოლოოდ, ხ. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამასთან, მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე შეუმცირდა და იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. იხილეთგადაწყვეტილება სრულად