უზენაესი სასამართლოს განმარტება  საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე1667 2014.04.07
უზენაესი სასამართლოს განმარტება საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთასაჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციაზე, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალების თაობაზე(№ას-189-182-2013). მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ. მ-ა მოითხოვდა ა. ყ-სთან 2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ა. ყ-სა და კ. ბ-ს შორის იმავე ბინაზე 2009 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ასევე საკუთრების უფლების აღდგენას. პირველ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიცია ემყარებოდა იმ გარემოებებს, რომ ა.ყ-მ გააყალბა ნასყიდობის ხელშეკრულება, მ. მ-ს არ გამოუვლენია უძრავი ქონების გასხვისების ნება, რის გამოც ა.ყ. უკანონოდ აღირიცხა სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. მეორე ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კი, მოსარჩელე უთითებდა შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე. მოსარჩელის განმარტებით, შემძენს უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. საქმეში არსებული ა.ყ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ვინაიდან დადასტურდა გარიგების სიყალბე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ-სა და ა. ყ-ს შორის დაიდო უცილოდ ბათილი, არარა გარიგება, რომელიც არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგებს, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისათვის კი, აუცილებელია, რომ გამყიდველი წარმოადგენდეს ნივთის მესაკუთრეს. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ საკუთრების უფლების შინაარსს, რაც ვლინდება მესაკუთრის უფლებაში, განახორციელოს სრული ბატონობა ნივთზე და თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, არ უნდა შეექმნას საფრთხე. მესაკუთრეს არ უნდა აწუხებდეს მუდმივი შიში იმისა, რომ მისი ამგვარი უფლება შესაძლოა ერთ დღესაც მისი ნებისგან დამოუკიდებლად გაუქმდეს ან საერთოდ გაქრეს. აქედან გამომდინარე, კანონმდებელმა შემოგვთავაზა საკუთრების უფლების იმგვარი მოწესრიგება, რომლითაც მეტნაკლებად დაცულია სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის უფლებები. საკასაციო სასამართლომ, ამასთანავე, განმარტა, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მ.მ-სა და ა.ყ-ს შორის ფაქტიურად არ დადებულა მ.მ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულება, ლოგიკურია, ა.ყ-ს მხოლოდ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია ვერ აქცევდა ნამდვილ მესაკუთრედ, თუმცა საკასაციო პალატის განმარტებით,საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან.კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში გადამწყვეტია, თუ ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა - მესაკუთრეს თუ შემძენს და რა შემთხვევაში თითოეულს. ანუ იცავს თუ არა მსგავს სიტუაციაში შემძენს რომელიმე ნორმა, რაც დააბრკოლებდა სარჩელის დაკმაყოფილებას:მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს შეიცავს ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული კონფლიქტი კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების მიხედვით, შემძენის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრეს აქვს უფლება, შესაბამისი საზღაური მოითხოვოს არამართლზომიერი გამსხვისებლის მიმართ, ხოლო კეთილსინდისიერ შემძენს უნარჩუნდება საკუთრების უფლება. მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომელიც არანამდვილი უფლების რეგისტრაციის დროს პრობლემის გადაწყვეტას ზოგადსამართლებრივ პრინციპს - თანაბარი მოპყრობის პრინციპს ემყარებოდა. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კეთილსინდისიერება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს და არა ობიექტურს. ამასთან, კეთილსინდისიერება არსებობს უფლების წარმოშობამდე. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 187-ე მუხლების შედარების გზით დასტურდება, რომ მოძრავი ნივთების შემთხვევაში, შემძენის კეთილსინდისირების შემოწმების არეალი უფრო ფართოა ვიდრე უძრავი ნივთების შემთხვევაში. მოძრავი და უძრავი ნივთების გასხვისების წესიდან გამომდინარე კი, საქმე არ გვაქვს კანონის ხარვეზთან, ასევე სახეზე არ არის არსობრივად ერთნაირის მიმართ არათანაბარი მოპყრობა. საჯარო რეესტრის უსწორობის ცოდნასთან მიმართებით, პალატამ განმარტა, რომუფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო, თავის მხრივ, შემძენს არ უნდა მოეთხოვოს იმაზე მეტის ცოდნა, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება.