მსჯავრდებულთა სოციალურად დაუცველი ოჯახები უფასო გრძელვადიანი პაემნით ისარგებლებენ831 2014.04.14
მსჯავრდებულთა სოციალურად დაუცველი ოჯახები უფასო გრძელვადიანი პაემნით ისარგებლებენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის ინიციატივით, იმ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, უფასო გრძელვადიანი პაემნით სარგებლობა შეეძლებათ. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემანი ფასიანია და 60 ლარს შეადგენს. რადგან მსჯავრდებულთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ბევრი მათგანი პაემნისთვის საჭრო თანხის გამო ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან შეხვედრას. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, _ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან კონტაქტი. აღნიშნული ინიციატივა ასევე დიდი შეღავათი იქნება სოციალურად დაუცველი პატიმრების ოჯახებისთვისაც. ამიტომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის აღნიშნული ინიციატივით, ეს შეღავათი დაწესდა. ამავე ინიციატივის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებებით, არასრულწლოვანთათვის ხანგრძლივი პაემნის საფასური განახევრდა და 30 ლარს შეადგეს. აღნიშნულ საკითხზე მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირების მიზნით, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში საინფორმაციო კამპანია დაიწყება.