1604
2014.04.28
ქირავნობის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე
სამოქალაქო კოდექსის თანახმად უძრავი ქონება განმარტებულია, როგორც მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. რეგისტრაციის მიზნებიდან გამომდინარე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ,, საქართველოს კანონის თანახმად, უძრავი ნივთი განმარტებულია, როგორც მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა. უძრავი ნივთი შეიძლება დამქირავებელს გამქირავებლის მიერ გადაეცეს სარგებლობაში განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გადაუხადოს გამქირავებელს დათქმული ქირა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქირავნობის უფლების წარმოშობის შემდგომ დამქირავებელს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული უძრავი ნივთით. თუ ქირავნობის ხელშეკრულების ერთერთი მხარე კერძო სამართლის იურიდიული პირია (სპს, კს, სს, შპს, კოოპერატივი) ქირავნობის უფლების წარმოშობისთვის სავალდებულოა ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სხვა შემთხვევაში ქირავნობის უფლების წარმოშობისთვის არ არის სავალდებულო ამ უფლების რეგისტრაცია. უძრავ ქონებაზე ქირავნობის უფლების წარმოშობის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სათანადო წესით დამოწმებული (სანოტარო წესით ან საჯარო რეესტრში უფლებამოსილი პირის მიერ), ქირავნობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე)
იმ შემთხვევაში თუ, ქირავნობის უფლების მქონე სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკია, აღნიშნულ შემთხვევაში მომსახურება ხორციელდება ,,საჯარო რეესტრის შესახებ,, საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.;