რა შემთხვევაში ითვლება პირი ნასამართლევად და როგორ ხდება ნასამართლობის გაქარწყლება14499 2014.06.02
რა შემთხვევაში ითვლება პირი ნასამართლევად და როგორ ხდება ნასამართლობის გაქარწყლება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით,მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. იმ შემთხვევაში, თუ პირი გათავისუფლდება სასჯელისგან, ის ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ. რაც შეეხება ნასამართლობის გაქარწყლებას, ნასამართლობა გაქარწყლებულად ჩაითვლება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირობით მსჯავრდებულისა _ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სასამართლოს შეუძლია ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე მოუხსნას პირს ნასამართლეობა. ეს შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სასჯელის მოხდის შემდეგ პირი იქცეოდა უმწიკვლოდ და სასამართლოს მიმართავს ნასამართლობის სტატუსის მოხსნის თხოვნით.

გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.