არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა2048 2014.06.25
არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი. არასრულწლოვან დამნაშავეს შეიძლება დაენიშნოს სასჯელი ან აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება. არასრულწლოვანი დამნაშავისათვის დასანიშნი სასჯელის სახეებია:

  • ჯარიმა;
  • საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
  • საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
  • გამასწორებელი სამუშაო;
  • თავისუფლების შეზღუდვა;
  • ვადიანი თავისუფლების შეზღუდვა.

არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება მისი ცხოვრებისა და აღზრდის პირობები, ფსიქიკური განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხვა პიროვნული თავისებურებანი, მასზე ასაკით უფროსი პირის ზეგავლენა. არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორება მიზანშეწონილია აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით. რაც შეეხება ნასამართლობის გაქარწყლებას, მას, ვინც დანაშაული თვრამეტ წლამდე ჩაიდინა, ნასამართლობა გაუქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებისას – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ექვსი თვის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – სასჯელის მოხდიდან ხუთი წლის შემდეგ.