ბარაკ ობამას ახალი გეგმა ინტერნეტ-ქსელის ნეიტრალურობისთვის793 2014.11.11
ბარაკ ობამას ახალი გეგმა ინტერნეტ-ქსელის ნეიტრალურობისთვის
უცხოური საინფორმაციო სააგენტოები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას ბარაკ ობამას ახალ ინიციატივაზე, რომელიც ინტერნეტ-ქსელის ნეიტრალურობას შეეხება (Net Neutrality). როგორც ირკვევა, ამერიკელები, დიდი ხანია, ამგვარ რადიკალურ ნაბიჯს ელოდნენ პრეზიდენტისგან. ზოგადად, ჩვენს დროში ინტერნეტის როლი ყოველდღიურად იზრდებადა იგისახელმწიფო თუ ინდივიდუალური ცხოვრების ყველა სფეროში იჭრება. ინტერნეტის სფეროს რეგულირების პოლიტიკა ერთ-ერთი უპირველესია იმ პრობლემათაგან, რომელიც თითქმის ყველა განვითრებულ თუ განვითარებისკენ მსწრაფ სახელმწიფოს აერთიანებს. ბარაკ ობამამ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, რომელიც, დაახლოებით, ასე ჟღერს: ინტერნეტ სივრცეში დამწყებ მეწარმეებს ისეთივე შანსი უნდა ჰქონდეთ წარმატებისა, როგორიც ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ კორპორაციებს აქვთ. იგივე წვდომა თუნდაც სკოლის მოსწავლის ბლოგზე არ უნდა უნდა იყოს უსამართლოდ შეფერხებული იმის გამო, რომ რეკლამის შემკვეთებმა მეტად იხეირონ. შესაბამისად, ობამა მკაფიოდ უჭერს მხარს თანასწორობას ინტერნეტსივრცეში და კომუნიკაციების ფედერალურ კომიტეტს (FCC) სახელმძღვანელო გეგმას წარუდგენს. თავისუფალი და ღია ინტერნეტსივრცე წარმოადგენს ამ გეგმის ამოსავალ პრინციპს. სხვა საქმეა, რამდენად მოახდენს კომუნიკაციების ფედერალური კომიტეტი ამ ინიციატივის იმპლემენტაციას. გეგმისა და მის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ახალი გეგმის მთავარი მიმართულება ისაა, რომ ყველა ინტერნეტ-პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს თანაბარი მომსახურება სხვადასხვა შინაარსის ვებ-გვერდებისთვის სისწრაფესთან დაკავშირებული პირობების კუთხით. მეორე მხრივ, ინტერნეტსივრცის ღიაობა და მასზე მომხმარებელთა თანასწორი ხელმისაწვდომობა პრობლემას რომ წარმოადგენს სახელმწიფოებისთვის, სიახლე არაა. სწორედ ამიტომ არის ხშირად გართულებული საკითხი, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ინტერნეტის სამართლებრივი მოწესრიგების პოლიტიკა. ობამას ინიციატივა სიახლეა აშშ-ში და არა მხოლოდ - ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების საჭიროება გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნებისთვისაც. რაც შეეხება საქართველოს, ამ მხრივ ძალზე რთულადაა საქმე, რადგან უამრავი პრობლემაა, რომელთა მოგვარებასაც ჯერჯერობით არავინ აპირებს. იქამდე, ვიდრე ინტერნეტის თანასწორ ხელმისაწვდომაზე ვიზრუნებთ, კიბერუსაფრთხოების საკითხები უნდა დადგეს უფრო აქტიურად დღის წესრიგში. საადვოკატო ბიურო OK & CG-ის გუნდი ახლო მომავალში შემოგთავაზებთ ამ საკითხებზე ინფორმაციულ პუბლიკაციებსა და კვლევებს.