ელექტრონული მტკიცებულება - დღეს საზრუნავი2005 2014.11.20
ელექტრონული მტკიცებულება - დღეს საზრუნავი
კიბერდანაშაულის თემა აქტუალურობას არ კარგავს, პირიქით, ახალ-ახალი ქვესაკითხების გამოკვეთისა და მოწესრიგების საჭიროებას განაპირობებს, რაც სავსებით ბუნებრივია. დღეისთვის ცხოვრების ბევრი სფერო უკავშირდება ინტერნეტს და კომპიუტერულ მოწყობილობებს, რაც, ამავდროულად, დანაშაულის ჩადენის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ქვეყნის სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განმსაზღვრელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა იზრუნონ მსგავსი საკითხების სწორად გადაწყვეტაზე და მოქალაქეთა უფლებები ეფექტიანად დაიცვან. ელექტრონული მტკიცებულება არის ერთ-ერთი ქვესაკითხი, რომელიც კიბერდანაშაულს უკავშირდება, თუმცა არა მხოლოდ, სხვა სახის დანაშაულებშიც შეიძლება ჰქონდეს მას დიდი როლი სიმართლის დასასდგენად. როგორც წინა პოსტებშიც გპირდებოდით, OK & CG-ის გუნდი ეცდება ყოველგვარი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც კიბერსივრცისა და სამართლის ურთიერთკვეთას უკავშირდება. წინამდებარე პოსტი შეეხება ისეთ საინტერესო თემას, როგორიცაა - ელექტრონული მტკიცებულება.

ელექტრონული მტკიცებულება, სხვანაირად, ციფრული მტკიცებულება წარმოადგენს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია ან გადატანილია ციფრულ ფორმაში და მისი გამოყენება შესაძლებელია სასამართლოში საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოების დასადასტურებლად. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება განთავსდეს კომპიუტერის მყარ დისკზე, ტელეფონში, ფლეშ-ბარათზე, CD დისკზე და სხვა მოწყობილობებში.

ქართულ ბლოგოსფეროში არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ბლოგი სახელწოდებით - კიბერსივრცის სამართალი. სამწუხაროდ, ამ ბლოგზე აქტივობა შემცირებულია, თუმცა გარკვეული მასალა უკვე არსებობს. აი, რას წერენ ისინი ელექტრონულ მტკიცებულებაზე:
"თუ თქვენ ბრალი გედებათ სისხლის სამართლის დანაშაულში, ელექტრონულ (კომპიუტერული, მობილური ან სხვა) მტკიცებულებას, რომელიც თქვენი პერსონალური თუ სამსახურებრივი კომპიუტერიდან, მობილურიდან თუ მონაცემთა ელექტრონული გადაცემის ხელსაწყოდან იქნება მოპოვებული, შეუძლია, ფიზიკური მტკიცებულებისგან განსხვავებით, როგორც თქვენი გამართლება, ასევე უსამართლო დასჯა. თანაც ისე, რომ არც გამომძიებელს, არც პროკურორსა და არც მოსამართლეს თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ შეეპაროს.
არასათანადო წესითა და კვალიფიკაციით განხორციელებული ასეთი მტკიცებულების მოპოვების მეთოდიკამ დიდი შანსია თქვენ სამუდამოდ დაგაზარალოთ ან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას, ბიზნეს ან კარიერას. ელექტრონული მტკიცებულება ასევე შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი გამამართლებელი ალიბი თქვენთვის. ამდენად, ასეთი სახის ექსპერტიზის განხორციელება აუცილებელი და გადაუდებელი პირობაა სისხლისსამართლებრივი ბრალდებისა და სასჯელისგან თავის ეფექტურად დასაცავად. ასეთი ექსპერტიზა მით უმეტეს მნიშვნელოვანია, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ელექტრონული მტკიცებულების მოპოვების, დაცვისა და ანალიზის სპეციალურ წესებს, რაც უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი, რეალური და ფიზიკური მტკიცებულებების მოპოვებისა და დაცვის წესებისაგან.
განვიხილოთ მაგალითი. თუ თქვენი კომპიუტერი, ან ინტერნეტში ჩართული მობილური, პლანშეტი ან სხვა მოწყობილობა არასათანადო, არალიცენზირებული სისტემებითაა დაცული (თუმცა ასეთი დაცვის შემთხვევაშიც რისკი დიდია), მაშინ თქვენ დგახართ რისკის წინაშე, რომ თქვენი მოწყობილობა გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩასადენად. დავუშვათ და მოხდა ასეთი დანაშაულის ჩადენა (მაგ. ვირუსის გავრცელება, უნებართვო შეღწევა და სხვა თქვენი კომპიუტერის მეშვეობით) ისე, რომ თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით. როგორ დაამტკიცებთ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს წინაშე, რომ ეს ქმედება თქვენ არ ჩაგიდენიათ? მეტიც, თუ საგამოძიებო ორგანოებმა ამოიღეს, დალუქეს და წაიღეს თქვენი კომპიუტერი, ვინ მოგცემთ გარანტიას, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი დათვალიერების დროს თქვენს კომპიუტერში არ მოხვდება ვირუსი, უკანონო მასალა ან ისეთი მტკიცებულება, რომელიც თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ასეთი განზრახვა გამომძიებელს? სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანია მუშაობს საქართველოში პირველად, სპეციალური მეთოდით, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული მტკიცებულების ექსპერტიზაზე დაყრდნობილ სამართლებრივ დაცვას.
წინა-სასამართლო და სასამართლო დავის წარმოების პროცესი აგებულია ელექტრონული მტკიცებულებისა და საპროცესო ნორმების სპეციფიურ შერწყმაზე, რაც ითვალისწინებს როგორც პროგრამულ საინჟინრო ექსპერტიზას, ასევე კვალიფიცურ კიბერადვოკატირებას." - წერს კომპანია, რომელსაც ზემოხსენებული ბლოგი ეკუთვნის, თუმცა როგორც მისი აქტივობიდან ირკვევა, ამ სფეროში კვლავ ვაკანტურია კვალიფიციური მომსახურების გამწევის ადგილი.
საინტერესოა საკითხი, ვინ და რა კომპეტენციის საფუძველზე უნდა შეძლოს ციფრული/ელექტრონული მტკიცებულების შესწავლა. იდენტიფიკაციის საერთაშორისო ასოციაცია თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ელექტრონულ მტკიცებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციას და აღნიშნულ კითხვაზეც პასუხობს: მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, უნდა შეიქმნას თუ არა დამოუკიდებელი სასერთიფიკაციო პროგრამები იმისთვის, რომ ელექტრონული მტკიცებულების შესასწავლად მაქსიმალური ცოდნა და პროფესიონალიზმი იყოს ჩართული საქმეში, სვხვადასხვა მართლწესრიგში გამოყენებულია შესაბამისი სერთიფიცირების პროგრამები, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნა საამისოდ არ არსებობს, რეკომენდაციის სახით შეიძლება ითქვას, რომ სასურველია ციფრული მტკიცებულებების შემსწავლელი ჯგუფი სპეციალიზირებული იყოს შესაბამის საკითხებში, რამდენადაც საკმაოდ სპეციფიკურია ამგვარ მასალებთან ურთიერთობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია მეტ-ნაკლებად მკაფიოდაა გამოკვეთილი ელექტრონულ მტკიცებულებასა თუ კიბერდანაშაულის თანხმლებ სხვა ელემენტებზე. შესაბამის კვალიფიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სრულფასოვანი ნორმატიული მოწესრიგებაც არ იქნებოდა ურიგო ამ მიმართულებით. დროული და აქტიური რეაგირება ცვილებების საჭიროებაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა კიბერსივრცე ის სფეროა, რომელიც ყველაზე სწრაფად ვითარდება დღესდღეობით და ამ განვითარებისთვის ფეხის აწყობა სამართლის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან აუცილებელია. OK & CG-ის გუნდი კვლავ ეცდება საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას ამ თემით დაინტერესებულთათვის.