საქართველოს მოქალაქეობა1082 2012.10.18
საქართველოს მოქალაქეობა
დღევანდელ თემაში მინდა გესაუბროთ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ. სად და როგორ შეიძლება მისი მოპოვება, რომელი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას მოეკუთვნება აღნიშნული სფერო და ზოგადად საქართველოს მოქალაქეობის შესახებ სპეციფიკურ საკითხებზე. საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ხდებადაბადებით და

ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება დაბადებით ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი ითვლება საქართველოს მოქალაქედ, თუკი ამის შესახებ არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები, ან მშობლების დასაბუთებული უარი. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სრულწლოვანი პირისთვის ხდება იმ შემთხვევაში, თუკი იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია, ასევე, დაუშვებელია საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება. საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებს არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ და სხვა სამართლებრივი ნორმები. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ დაინტერესებულ პირებს საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს.