უზენაესი სასამართლოს განმარტება ავტომანქანის შეძენისას საკუთრების უფლების წარმოშობაზე1145 2015.01.21
უზენაესი სასამართლოს განმარტება ავტომანქანის შეძენისას საკუთრების უფლების წარმოშობაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ავტომანქანის, როგორცმოძრავი ნივთის, შეძენისას საკუთრების უფლების წარმოშობისა და უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით(საქმე№ას-658-625-2014). საკასაციო სასამართლოს განმარტებით,სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგანზე უფლებრივი ნაკლის არსებობის გარკვევის მიზნით, უნდა დადგინდეს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ავტომაქანის დაყადაღების დროისათვის დ. ბ-ი იყო თუ არა მოძრავი ნივთის მესაკუთრე. აკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ კითხვას უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ავტომანქანა დ. ბ-მ მფლობელობაში გადასცა დ. გ-ს, ხოლო დ. გ-მ - გ. დ-ს. ასევე დადგენილია ნივთის ღირებულების გადახდის ფაქტი, რაც უდავოდ მოწმობს, რომ დ. ბ-ს, მას შემდეგ, რაც ნივთი დ. გ-ს გადასცა, ამ ნივთზე საკუთრების უფლება აღარ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ნივთი კვლავ დ.ბ-ს სახელზე ირიცხებოდა.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება(იხ. ასევე, სუსგ Nას-914-954-2011).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ დ. ბ-სა და დ. გ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, ან 2009 წლის 21 ივლისს, გ. დ-ის მიერ ავტომობილის შეძენის დროისათვის, ნივთზე სსიპ შემოსავლების სამსახურს პრეტენზია გააჩნდა, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის ნივთზე უფლებრივი ნაკლის არსებობა დადგენილი არ იყო.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლით განმტკიცებულია მყიდველის უფლება, ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა, თუმცა, ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ამ უფლების რეალიზაციისათვის კანონითვეა დადგენილი მისი გამოყენების წინაპირობები, ნორმის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების თანმდევი შედეგის - მხარეთა ორმხრივი რესტიტუციისათვის, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს ა) მოპასუხის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისა და ბ) ვალდებულების შესრულების თაობაზე კრედიტორის (მოსარჩელის) მიერ მოვალის გაფრთხილების ან მისთვის დამატებითი ვადის დაწესების ფაქტი (სკ-ის 405.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის (განსაზღვრავს რა ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგს), გამოყენება კი დაიშვება მხოლოდ ამავე კოდექსის 405-ე მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლის წესისა და სავალდებულო პირობების მარეგულირებელ დანაწესს წარმოადგენს. გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე. წყარო