პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება913 2012.10.18
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება
საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა, რომლის თანახმად,საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო. მის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ–სამი წევრი შედიან. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოს

ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით მისი ერთ-ერთი მოადგილე. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებმა ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან ათი დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ საქართველოს პარლამენტში შექმნილი ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს წევრთა დანიშვნა. პარლამენტის რეგლამენტში შესატანი კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, 2012 წლის 1 მაისიდან საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში. წარმოდგენილი ცვლილება შეეხება ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდს. მას შემდეგ კი, რაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საერთო–საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქალაქი ქუთაისი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას მხარი დაუჭირა. მომზადებულია საქართველოს პარლამენტის ვებ. გვერდზე, http://www.parliament.ge/-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით.