პაციენტის მკურნალობა და მოვლის უფლება1527 2012.10.18
პაციენტის მკურნალობა და მოვლის უფლება
დღევანდელ რუბრიკაში მინდა გესაუბროთ პაციენტის მკურნალობისა და მოვლის უფლების შესახებ. ძირითადად, აღნიშნული სფერო რეგულირდება ”პაციენტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმებით. კანონის მიხედვით, სამედიცინო მომსახურება საქართველოს მასშტაბით თანაბრად ხელმისაწვდომია და ხორციელდებასამედიცინო პროგრამების მეშვეობით. პაციენტის უფლების დაცვა სახელმწიფოს პრეროგატივაა, იგი იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

გარდა ამისა, კანონმდებელი პაციენტისთვის სიცოცხლის უფლების დაცვის ფარგლებში აკეთებს დათქმას იმის შესახებ, რომ, თუ პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო სამედიცინო მომსახურების გამწევს არა აქვს შესაძლებლობა აღმოუჩინოს პაციენტს ასეთი მომსახურება, იგი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს სრული ინფორმაცია, თუ სად შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება.მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ადამიანთა, ტექნიკური, ფინანსური ან/და სხვა რესურსების დეფიციტის შემთხვევაში პოტენციური პაციენტის შერჩევა ხდება მხოლოდ სამედიცინო კრიტერიუმებით, სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლად. სახელმწიფო კანონმდებლის მეშვეობით იცავს საყოველთაოდ აღიარებულ ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემის უფლებას ყველა პიროვნების მიმართ, მათ შორის პაციენტის მიმართ, რომელსაც უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მოითხოვოს მისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა.