სვანური სამართალი და ტრადიციები5109 2012.10.18
სვანური სამართალი და ტრადიციები
საქართველოს მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს ხევსურეთში ხუცს უწოდებდნენ, თუშეთში – დეკანოზს, სვანეთში – მახვშს. სვანეთში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა: მახვშს, ანუ თემის მეთაურს თემის საერთო კრება ირჩევდა. კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა თემის ორივე სქესის ზრდასრულ (20 წლის) წევრს. მახვში გამოირჩეოდაგონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი.

საგანგებო შემთხვევებში იმართებოდა თემთა გაერთიანებული შეკრება – ხევის ყრილობა, სადაც საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ყრილობაზე განიხილებოდა ხევის საჭირბოროტო საგარეო და საშინაო პრობლემები, მეზობლებთან გამწვავებული ურთიერთობის საკითხები, მოსალოდნელი ომიანობისათვის სამზადისი და თავდაცვის სტრატეგია, მსხვილი ეკლესიების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, გზების, ხიდების და სხვათა მშენებლობისა და მათში თემების მონაწილეობის საკითხები. ყრილობა მსჯელობდა იურიდიულ ასპექტებზეც – აწესებდა სასჯელის ფორმებსა და ნორმებს. ყრილობა იყო უზენაესი ინსტანცია იურიდიულ იერარქიაში, იგი არავის წინაშე არ იყო ანგარიშვალდებული, ყრილობის გადაწყვეტილება საბოლოო იყო და განხილვას არ ექვემდებარებოდა. უკანასკნელად ხევის ყრილობა მოიწვიეს 1875 წელს, რაც გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებით: სვანეთში რუსული მმართველობის დაწესების შემდეგ (1869 წ.), ცარისტულმა ხელისუფლებამ, ბეგარის გაზრდის მიზნით, 1875 წ. გადაწყვიტა მიწებისა და პირუტყვის აღწერა-რეგისტრაცია. უბატონო სვანებმა მოიწვიეს ხეობის ყრილობა და ერთხმად დაიფიცეს არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. 2000 შეიარაღებულმა გლეხმა გადაკეტა უბატონო სვანეთში შესასვლელი ყველა გზა და ბილიკი. ხელისუფლება შეშინდა, დათმობაზე წავიდა და ხალხი დააშოშმინა. მაგრამ 1876 წ. შეფარვით შეიყვანა დიდძალი სამხედრო ძალა და 20 აგვისტოს სოფ. ხალდე, სადაც კოშკებში გამაგრება მოასწრო ორმოცდაათამდე მეამბოხემ, ალყაში მოაქცია. ამ სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობდა ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითი პოლკის ოთხი ასეული, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორი რაზმი, 39-ე საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეული, მესანგრეთა ასეული, გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმები. ქუთაისთან კავშირის დასამყარებლად მოეწყო კაზაკთა ხუთი “პოსტი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი ციტოვიჩი. ექვსი დღის გამუდმებული საარტილერიო ცეცხლითა და ნაღმებით ჯარმა დაანგრია ხალდეს თერთმეტივე კოშკი, ყველა ქვიტკირის შენობა, გადაწვა ხის ნაგებობები, მოსამკელი ყანები და ხალდე ნაცარ-ტუტად აქცია. სამთავრობო ჯარების მხრიდან ბრძოლაში დაიღუპა 2 და დაიჭრა 12 ჯარისკაცი. 2 ხალდელი კოშკის ნანგრევებში მოკვდა, 8 შეიპყრეს, დანარჩენები მიიმალნენ. 28 აგვისტოს ნანგრევებად ქცეული ულამაზესი სოფ. ხალდე რუსის ჯარმა დატოვა. ხალდეს ამბოხება იყო ცარიზმის წინააღმდეგ თავისუფლების მოყვარე ქართველი მთიელების მესამე და უკანასკნელი გაბრძოლება. პირველი, მთიულეთის ამბოხების სახელით ცნობილი აჯანყება, 1804 წელს დამარცხდა, მეორე, კახეთის აჯანყება – 1812 წელს. კახეთის აჯანყებაში აქტიურად მონაწილე ხევსურებს კი კავკასიის მთავარმართებელი რტიშევი 1813 წ. გაუსწორდა. რუსეთის ჯარი, რომელსაც გენერლები სიმონოვიჩი, ტიხონოვსკი და სტალი ხელმძღვანელობდნენ, ცეცხლითა და მახვილით შევიდა ხევსურეთში და სოფ. გუროსთან სისხლიანი ბრძოლის შემდეგ ხევსურები დააჩოქა. სვანეთში სახნავ-სათესი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბ-საძოვრები და ტყე – საერთო სათემო სარგებლობაში. ამის გარდა არსებობდა ხატის ტყე და მიწა, რომელიც ეკლესიის მოთხოვნებისა და რელიგიურ დღესასწაულებისათვის გამოიყენებოდა. მახვში არეგულირებდა სათიბ-საძოვრითა და ტყით სარგებლობის პროცესს, საძოვრების მონაცვლეობის, მიწის განაწილების, ნაკვეთების საზღვრის დადგენის საკითხებს და სხვა. ყველა სადაო საკითხს მახვში პირადად განიხილავდა 4-5 კაცის თანდასწრებით. მახვში იყო მეტად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თავის გადაწყვეტილებებში. ავისა და ცუდის ჩამდენს, ქურდსა და თემის შემარცხვენელს მახვში გაკიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვშის თაოსნობით გაიმართებოდა ხევის ყრილობა, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეს (ან დამნაშავეებს) თემიდან და მის სახლ-კარს გადაწვავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმესი დანაშაულისათვის, მაგალითად, თემის ღალატისათვის ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანია. ყოველგვარი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივ სასამართლოში განიხილებოდა, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ მსაჯულ-მედიატორები, რასაც სვანეთში “მორვალს” უწოდებდნენ. მორვებს ირჩევდა ორივე მოდავე მხარე სანათესაოდან ან გარეშე პირთაგან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით მოუსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხანგრძლივი იყო და ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, რაც უმეტეს შემთხვევაში საბოლოო იყო და არ საჭიროებდა ახალი მორვების მიერ საქმის ხელახალ გარჩევას. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა. სვანი კაცი, ძირითადად, თავის მოწეულ მოსავალზე იყო დამოკიდებული. ბარში კიდეც რომ ეჩუქებინათ მარცვლეული, ოჯახის სამყოფი სარჩოს ტრანსპორტირება უგზოობის პირობებში, ასე შორ მანძილზე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მაღალი მოსავლის მიღებაზე ზრუნვა ახალი წლის დადგომიდანვე იწყებოდა. თებერვლის დასაწყისში იცოდნენ ლამპრობა. ლამპარი მზადდებოდა არყის ხის წვრილად დაჩეხილი კონის სახით. ყველა ოჯახში სამ კონას ამზადებდნენ – ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ. მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ. დადგენილ ღამეს კონები ეკლესიის ეზოში სასაფლაოზე გაქონდათ დასაწვავად. ამ დღეს აცხობდნენ ლემზირებს (სალოცავი კვერი) და იმართებოდა საერთო დღესასწაული. ზამთრის პერიოდში მეტად გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს დაკიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა. დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. ჰორიეშმაო იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ. გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩააგდებდნენ და უფალს ევედრებოდნენ კარგ წვიმას. ზოგ თემში სოფლის კაცები ეკლესიიდან იესოსა და ღვთისმშობლის ხატებს გამოაბრძანებდნენ, მდინარეზე ჩაიტანდნენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გაავდარებას. სოფელ ლენჯერში ამჟამადაც ტარდება ელიას დღესასწაული, რომლის დროსაც წმინდა ელიას ხატს შესთხოვენ გაავდრებას. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში, თესვის, მარგვლის და განსაკუთრებით მოსავლის აღების დროს ქალი მამაკაცის გვერდით იდგა და მასთან ერთად ეწეოდა ჭაპანს. შემთხვევითი არაა, რომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს. ამინდის ჭირვეულობის შემთხვევაში, ხშირად საჭირო ხდებოდა მოსავლის დროულად და ოპერატიულად აღება, თიბვა და სხვა. ამიტომ გავრცელებული იყო შრომის კოოპერაციის მარტივი მეთოდი – ნადი, როცა ოჯახს მოსავლის აღებასა თუ თიბვაში ეხმარებოდნენ მეზობლები და ნათესავები ანაზღაურების გარეშე, სანაცვლო დახმარების იმედით. სვანური მასიური ქვის სახლებისა და კოშკების აშენება ერთი ოჯახის შესაძლებლობების ფარგლებს დიდად ცილდება. ამიტომ, აქაც გამოიყენებოდა შრომის კოოპერაცია მეზობლური დახმარების სახით (მამითადი), რასაც სვანები ლინდის უწოდებდნენ. დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, სვანები არ თაკილობდნენ ზამთრის პერიოდში ბარში სხვის კარზე მუშაობას. გარემო პირობებმა სვანი გლეხი მეტად გამრჯე, ფიზიკურად შემძლე კაცად ჩამოაყალიბა. ამიტომ, შრომის ბირჟაზე სვანი მუშის გასამრჯელო ერთი ორად აღემატებოდა სხვა მუშის ფასს. ნაშრომი მომზადებულია http://www.svanetitrekking.ge/geo/laws.htm საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით.