საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაული3006 2012.10.18
საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაული
დღევანდელ რუბრიკაში მინდა გესაუბროთ საზღვარგარეთ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე, თუ როგორდა რა წესით ხდება ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელება. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ეფუძნება რა საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის პრინციპებს ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება,

რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიცდანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმეების ექსტრადაციასთან დაკავშირებით, საგულისხმოა, რომ საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლის-სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება იყვნენ ექსტრადირებულნი სხვა სახელმწიფოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სისხლის-სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად შეიძლება ექსტრადირებულნი იყვნენ სხვა სახელმწიფოში ან გადაეცნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული, დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, აგრეთვე ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან თუ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.