5 ყველაზე უცნაური შემთხვევა, რომელზეც სასამართლომ იმსჯელა2067 2015.03.18
5 ყველაზე უცნაური შემთხვევა, რომელზეც სასამართლომ იმსჯელა
რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი პრეცედენტი ემატება "მსოფლიოს უცნაური სასამართლო ქეისების" ბაზას. დღევანდელ პოსტში გთავაზობთ ხუთ უცნაურ და განსხვავებულ შემთხვევას, რომლებიც სასამართლო დავას უკავშირდება.

1. ვინი პუჰს ედავებიან

მაკედონიის სასამართლომ განიხილა ერთი მეფუტკრის საქმე, რომელმაც მოითხოვა საქმის აღძვრა დათვის წინააღმდეგ. მისი თქმით, რომელიღაც ადგილობრივი დათვი იპარებოდა მის სკებთან და იპარავდა თაფლს. მან სცადა განათებებითა და მუსიკით დათვის დაფრთხობა, მაგრამ ამაოდ.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ სასამართლომ მეფუტკრის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მართალია, დათვი გათავისუფლებული იყო სასამართლო სხდომაზე დასწრების ვალდებულებისგან, მაგრამ მას დაეკისრა 140 000 დინარის გადახდა მიყენებული ზიანისთვის. რამდენადაც დათვს არც პატრონი ჰყავდა და, სავარაუდოდ, არც ფული გააჩნდა, მის ნაცვლად მთავრობამ გადაიხადა თანხა.

2. გველები - მოქმედი არგუმენტი

ერთი ქალბატონი დააჯარიმეს შენობის გვერდზე ავტომანქანის დატოვებისთვის ჩართული ძრავით. მან ჯარიმა გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მას გველები გადაჰყავდა მანქანით, რომლებსაც ის იყენებდა მუცლით ცეკვის წარმოდგენისთვის. რადგან არ სურდა გველებს ჩასძინებოდათ ცივ მანქანაში, ამისთვის დატოვა ჩართული ძრავა, რაც ეხმარებოდა მათ ფხიზლად ყოფნაში, რომ შემდეგ მუცლის ცეკვის წარმოდგენას წარმატებით ჩაევლო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალბატონის პოზიცია იყო გონივრული და საკმარისად დასაბუთებული იმისთვის, რომ ის დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო.

3. პატივისცემით მოექეცით მასწავლებლებს

დარტმესის კოლეჯის მასწავლებელს სარჩელი აქვს აღძრული საკუთარი მოსწავლეების წინააღმდეგ იმ მიზეზით, რომ, მისი განცხადებით, მოსწავლეები მის უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავდნენ. მოსარჩელემ განაცხადა, რომ მოსწავლეების მხრიდან იმდენად მიუღებელი და დაკნინებული იყო მისი "ფრანგული ნარატივის თეორია", რომ მათმა დამოკიდებულებამ "მტრული სამუშაო გარემო" შეუქმნა.

ამ საქმეზე ჯერ გადაწყვეტილება არ გამოტანილა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის სარჩელი დაკმაყოფილდა, ეს საინტერესო პრეცედენტის შექმნას გამოიწვევს. ასე, რომ გახსოვდეთ - ყოველთვის ზრდილობიანები იყავით მასწავლებლების მიმართ.

4. შიმპანზეებიც ადამიანები არიან?

ავსტრიაში ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა სამართლებრივი სისტემისთვის პრობლემების შექმნა გამოიწვიეს, როცა მათ სცადეს ჰიასლი - შიმპანზე სამართლებრივად გამოეცხადებინათ პიროვნებად. იმის შემდეგ, რაც ცხოველთა თავშესაფარი გაკოტრდა, მათ უნდოდათ მხარი დაეჭირათ ამ ცხოველისთვის. სამწუხაროდ, ის შემოწირულობები, რაც შეთავაზებული იყო მხარდაჭერის მიზნით, შეიძლებოდა მიეღო მხოლოდ პიროვნებას. ხოლო იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს დააფიქრებდა ის ამბავი, რომ ჰაისლის სამართალსუბიექტად გამოცხადება გამოიწვევს სამართლებრივ სირთულეებს, ერთ-ერთმა აქტივისტმა განმარტა: "ჩვენ გვინდა მას სიცოცხლის უფლება ჰქონდეს, იმის უფლება, რომ არ აწამონ, ასევე, თავისუფლება გარკვეულ პირობებში. ჩვენ არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც ხმის მიცემის უფლებას."

სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ ის ვერანაირად ვერ გაგრძელდებოდა, რადგან ჰიასლი არ იყო ქმედუუნარო პირი, რომლის წარმომადგენლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ აქტივისტები. შესაბამისად, ისინი არ იყვნენ უფლებამოსილნი, საქმე აღეძრათ სასამართლოში. აქტივისტები აპირებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ.

5. ტელევიზიას ედავებიან სიმსუქნის გამო

როგორც წესი, ადამიანებს ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება გვიყვარს. ასე იქცევა შემდეგი საქმის გმირიც, რომელმაც ჭარბი წონის შესაძლო მრავალფეროვანი მიზეზებიდან რატომღაც სატელევიზიო გადაცემები მიიჩნია ყველაზე დიდ "დამნაშავედ". საუბარია ტიმოთიზე ვისკონსის შტატიდან, რომელიც ტელევიზორს ძალიან ხშირად უყურებდა. მან სარჩელი აღძრა საკაბელო ტელევიზიის წინააღმდეგ 2004 წელს. მან მიუთითა, რომ ტელეკომპანიის ბრალი იყო მისი ცოლის სიმსუქნე. ასევე, დავობდა იმაზეც, რომ მისი შვილები გახდნენ ზარმაცები და ტელევიზორის ყურების მეტს არაფერს აკეთებდნენ. შესაბამისად, მოითხოვა ზიანის სახით დაახლოებით 2500 ევროს გადახდა სატელევიზიო კომპანიისგან, თუმცა განაცხადა, რომ მორიგდებოდა 3 კომპიუტერისა და მთელი ცხოვრება უფასო ინტერნეტ-სერვისის მიღების პირობით.

საკაბელო კომპანიის მხრიდან ზეწოლის შედეგად ტიმოთიმ უარი თქვა მოთხოვნაზე. მის პრეტენზიებზე  პასუხად შესთავაზეს, რომ მას და მის ოჯახს უბრალოდ შეეძლოთ აერჩიათ საყურებლად რამე შემეცნებითი გადაცემა, ან თუნდაც ევარჯიშათ ტელევიზორის ყურებისას.

წყარო