მსოფლიოს "სამართლებრივი" რეკორდები1045 2015.03.19
მსოფლიოს "სამართლებრივი" რეკორდები
მსოფლიო რეკორდების ისტორია ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ რეკორდის დამყარება ათას რამეშია შესაძლებელი. თუმცა, როგორც წესი, სიტყვა რეკორდზე ჩვენი ძირითადი ასოციაცია მაინც სპორტულ აქტივობას უკავშირდება, მაგრამ, რეალურად, არც ერთი პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის, არც იურისტები არიან მოკლებულნი რეკორდსმენობის შესაძლებლობას. ჩვენს დღევანდელ პოსტში გთავაზობთ  რამდენიმე რეკორდს, რომლებსაც შეიძლება გავეცნოთ www.duhaime.org- ის ერთ-ერთი პუბლიკაციის საშუალებით.

1. ყველაზე მოკლე სასამართლო გადაწყვეტილება - მსოფლიოში ყველაზე მოკლე გადაწყვეტილება სულ 9-სიტყვიანია. საქმე, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, 1708 წლით თარიღდება. მოსამართლის სახელი ნახსენები არაა, მაგრამ ცნობილია, რომ ეს იყო ჩანსერის უზენაესი სასამართლოს გდაწყვეტილება. საქმე მარტივად და ლაკონიურად პასუხობს კითხვას, რომელიც იურისტებს შორის ორაზროვნებას იწვევს ჰამურაბის დროიდან მოყოლებული: იგულისხმება თუ არა მემკვიდრისთვის ანდერძით დატოვებულ საოჯახო ნივთებში ჭურჭელი?

გადაწყვეტილებაში (Lillicott v Compton) წერია შემდეგი ცხრა სიტყვა: "Plate shall pass by a devise of household goods", რომლითაც დადგინდა, რომ ჭურჭელი გადაჰყვება ანდერძით დატოვებულ სამკვიდროს, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთებს მოიცავს.

2. ყველაზე ახალგაზრდა მოსამართლე - ჯონ ედუარდ პეიტონი დაიბადა ფრესნოში (კალიფორნია) 1972 წელს. შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად პლანოში (ტეხასის შტატი) 1989 წელს, სადაც დაამთავრა ისტ სენიორის სკოლა 1990 წელს.

18 წლისა და 11 თვის ჯონს ჰქონდა მხოლოდ სკოლის დიპლომი, როცა იგი აირჩიეს "პლანოს მშვიდობის მოსამართლედ". მან მუშაობა დაიწყო 1991 წელს და, 2011 წლის მარტის მონაცემებით, კვლავ განაგრძობს მოსამართლის საქმიანობას.

3. აღმასრულებლის ყველაზე ხანგრძლივი კარიერა - უილიამ კალკრაფტი  (1800-1879) ჯალათად დანიშნეს ინგლისის ერთ-ერთ ციხეში 1829 წელს, სადაც მუშაობდა 1874 წლამდე; მთელი 45 წელი ასრულებდა ჯალათის მოვალეობას და ამ დროის მანძილზე მან 450 სიკვდილმისჯილ ადამიანს შეაბა თოკი კისერზე. მისი შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, უილიამს შეეძლო შეენახა სიკვდილმისჯილთა ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები, რომელთა უმეტესობაც მან მადამ ტუსოს მიჰყიდა ცვილის მუზეუმისთვის.

4. ნაფიცმსაჯულთა ყველაზე სწრაფი ვერდიქტი - 2004 წლის 22 ივლისს ნაფიცმსაჯულთა მიერ განხილულ იქნა მარიხუანის კულტივაციის საქმე. ნაფიცმსაჯულებს სულ ერთი წუთი დასჭირდათ, რათა გადაეწყვიტათ, რომ ნიკოლას კლაივ მაკალისტერი დამნაშავე არ იყო.

მაკალისტერი პოლიციას გაექცა, როცა მარიხუანა აღმოუჩინეს სახლში. სასამართლო პროცესზე მან განმარტა, რომ ნაპოვნი მცენარე თავისი არ იყო. ერთი წუთი საკმარისი იყო ნაფიცმსაჯულთათვის, რათა ნიკოლასი გაემართლებინათ.

5. ყველაზე ასაკოვანი ბანკის მძარცველი - J.L. ჰანტერ რაუნდთრიმ დამნაშავეობრივი ცხოვრება დაიწყო 80 წლის ასაკში. იგი მისი ცხოვრების ერთ ეტაპზე, ვიდრე დანაშაულის ჩადენას მიჰყოფდა ხელს, მანქანის ნაწილების მწარმოებელი კომპანიის მესაკუთრეც იყო.

რაუნდთრის ასაკი ერთადერთი ბასრი იარაღი არ იყო დანაშაულის ჩასადენად, ის საკუთარ მანქანას იყენებდა გასაქცევად, რომელსაც ნელა მართავდა, იმდენად, რომ ბანკის თანამშრომლებს მარტივად შეეძლოთ მისი მანქანის სანომრე ნიშნის დამახსოვრება. მას 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდა და ჯერ ისევ ციხეში იყო, როცა გარდაიცვალა 2004 წელს.