აბსურდული გამოგონებები, რომლებიც დაპატენტებულია1065 2015.04.20
აბსურდული გამოგონებები, რომლებიც დაპატენტებულია
ალბათ, ხშირად გსმენიათ ვინმესგან ხუმრობით ნათქვამი - ეს რა კარგი რამე მოვიფიქრე, უნდა დავაპატენტოო! სინამდვილეში, ბევრი ასეთ დროს სულაც არ ხუმრობს და დღეისთვის მსოფლიოში უამრავ ისეთ რამეზეა პატენტი გაცემული, რაც ინოვაციურობით აღფრთოვანებაზე მეტად ღიმილს იწვევს სწორედ მის სერიოზულ გამოგონებად მიჩნევის გამო. როგორც ჩანს, პატენტის გაცემაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები მასობრივად წყალობენ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი შემოქმედების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა სურთ. დღევანდელ პოსტში გთავაზობთ რამდენიმე უცნაურ გამოგონებას, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყანაში პატენტია გაცემული. 1. ბურთულა მწერებისთვის

უდავოა, რომ მწერები, განსაკუთრებით, ზაფხულში, ადამიანებისთვის მეტისმეტად მომაბეზრებელი არსებები ხდებიან. ერთ-ერთმა გამომგონებელმა კი ჩათვალა, რომ ყველაზე მეტად მწერების პრობლემა სპორტით დაკავებულ ადამიანებს აქვთ. ფეხბურთის თუ გოლფის თამაშისას, თევზაობისას და ა.შ. ყველაზე რთულად ასატანი ის მწერებია, გამუდმებით რომ თავს გვეხვევიან და მოსვენებას არ გვაძლევენ. მათ მოსაგერიებლად მნიშვნელოვანი ენერგია და მტკიცე ნერვებია საჭირო, სწორედ ამ გასაჭირის წინააღმდეგ ზემონახსენები გამომგონებელი გვთავაზობს ბურთულას, რომელიც იზიდავს მწერებს და მიმართავს მათ ქუდის უკანა ნაწილში. ინსტრუქციის მიხედვით, ბურთულა უნდა დავამაგროთ კეპზე უკანა მხარეს, შევაფრქვიოთ მწერების მიმზიდველი სპრეი, რაც მათ წინა მხარეს მოგვაშორებს და ამ გზით უფრო იოლი გახდება მათი ატანა.

2. ბანანის კონტეინერი

ცოტა თუ მოიძებნება ადამიანთა შორის ისეთი, ვისაც ხილი უყვარს და ბანანი - არა. ეს ვიტამინებით მდიდარი და გემრიელი ნაყოფი მართლაც ბუნების საჩუქარია. და რატომ არ უნდა ვიზრუნოთ მასზე? სწორედ ამ აზრით შთაგონებულმა გამომგონებელმა გადაწყვიტა ბანანისთვის საჭირო კონტეინერის შექმნა, რომელიც დაიცავდა მას იმ ლაქებისგან, რაც ლპობის შედეგად ქერქზე უჩნდება. ამდენად, კონტეინერის საშუალებით ბანანი სულ ახალივით გამოიყურება! მართალია, უამრავი შესაფუთი მასალა არსებობს, მაგრამ ისინი ვერ იცავენ ბანანის ქერქს მუქი ლაქებისგან და ეს განსხვავება პატენტის გამცემი ორგანოსთვის საკმარისად დამაჯერებლი აღმოჩნდა, რათა სრული სერიოზულობით განეხილათ ამ გამოგონების საკითხი.

3. სიმართლის გამომვლენი მოწყობილობა

ამ მოწყობილობაზე პატენტი 1930 წელსაა გაცემული დანაშაულთან ეფექტური ბრძოლის მიზნით; იგი შეიქმნა იმისთვის, რათა დამნაშავეებს ეღიარებინათ დანაშაული ერთობ უჩვეულო გზით - მოჩვენების დახმარებით. მოწყობილობას წარმოადგენდა ჩონჩხი, რომელიც იყო ძალზე მისტიკური და საზარელი შესახედაობის. ოთახში, სადაც ეს მოწყობილობა იყო განთავსებული, ხდებოდა ბრალდებულის დაკითხვა და მისი ყველა პასუხი და რეაქცია იწერებოდა შემდგომი განხილვისთვის, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ასეთ უცნაურ პირობებში ადამიანს გაუჭირდებოდა ემოციის კონტროლი და რაც შეიძლება გულწრფელი აღმოჩნდებოდა მისი ჟესტები და გამომეტყველება. საინტერესოა, რამდენად იქნებოდა გამართლებული ბრალდებულის მიმართ ამგვარი პროცედურის გამოყენება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით? თუმცა იქამდე ისაა გასარკვევი, საერთოდ თუ ჰქონდა რამე შედეგი ამ უჩვეულო გამოგონებას..

4. დამცავი რგოლები ძაღლის ყურებისთვის

ვისაც ცხოველები და, განსაკუთრებით, გრძელბეწვიანი ძაღლები უყვარს, ის ამ გამოგონებაში აბსურდულს ვერაფერს ნახავს, პირიქით, ძალიან სასარგებლოდაც მოეჩვენება. თუმცა, ალბათ, ცოტა დაეჭვდება მის ორიგინალურობასა და ინოვაციურობაში. მოკლედ, 1980 წელს დაპატენტებულ იქნა გამოგონება, რომელიც ძაღლის ყურებს იცავს დასვრისგან ჭამისა თუ სხვა მონათესავე პროცესებისგან. მართლაც, ძაღლების პატრონებმა კარგად იციან, რა საფრთხილო რამეა მათი ოთხფეხა მეგობრის სასმენი ორგანო, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ თვითონ ძაღლებს დიდად არ ადარდებთ, როგორ გამოიყურებიან, მათ შორის, ამ პლასტმასის რგოლებით.

5. გველების საყელური

ცოცხალი არსებების უმრავლესობას სჭირდება სუფთა ჰაერზე სეირნობა და ორგანიზმის გავარჯიშება. არც გველები არიან გამონაკლისნი. მართლაც, მზიან და თბილ ამინდში რომელ ქვეწარმავალს არ ენდომება გასეირნება?! იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დამეგობრებული ხართ რომელიმე გველთან და მასთან ერთად გასეირნება გსურთ, იცით თუ არა, როგორც უნდა მოიქცეთ? რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი კატისა და ძაღლის საყელური არ გამოდგება - გველებს აქვთ უნარი ნებისმიერი მსგავსი ტიპის საყელურებს დაუძვრნენ. სწორედ ამისთვის ერთ-ერთმა გამომგონებელმა სპეციალური საყელური მოიგონა, რომელსაც ვერაფრით დააღწევს თავს გველი და თქვენ შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ მასთან ერთად სეირნობა.

გარდა ჩამოთვლილისა, სხვა უამრავ ისეთ გამოგონებას იცნობს "მსოფლიოს პატენტების ბაზა", რომლებზეც შეიძლება გაგვეღიმოს მათი აბსურდულობის გამო ან, უბრალოდ, ვერაფრით მივხვდეთ, რატომ მოცდა ამისთვის მათი გამომგონებელი, თუმცა ამ შემთხვევების აბსურდულობა საკმაოდ სადავოა და, სავარაუდოდ, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ სამართალი ზედმეტ შეზღუდვებს არ აწესებს და საკმაოდ ფართოა შესაძლებლობა საკუთარი გამოგონების სამართლებრივ რეჟიმში მოქცევისა.

წყარო