ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო1202 2012.10.18
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაარსებულია 1950წლის 4 ნოემბერს, რომში ხელმოწერილი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ საფუძველზე. სასამართლო მდებარეობს ქალაქ სტრასბურგში. სასამართლოში სულ 47 მოსამართლეა. ისინი საქმიანობას ინდივიდუალური უფლებამოსილებით ახორციელებენ და არ არიან არც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენლები. ასევე დამოუკიდებლები არიან იურისტი რეფერენტები, რომლებიც საქმის განხილვის პროცესში დახმარებას უწევენ სასამართლოს, სამდივნოსთან ერთად. სამდივნოში შედის ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელსაცრატიფიცირებული აქვს კონვენცია. საქმის განხილვის პროცესში მონაწილეობას არ იღებს მომჩივანი ან მოპასუხე ქვეყნის წარმომადგენელი.

სასამართლო აკონტროლებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვას. მას საჩივრით მიმართავს კერძო პირი, რომელიც თვლის რომ ქვეყანაში მისი უფლება/უფლებები დაირღვა. არ არის აუცილებელი, მომჩივანი პირი იყოს ევროპის საბჭოს რომელიმე ქვეყნიდან. თუ დარღვევა ჩადენილია ერთ–ერთი კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ, სუბიექტს აქვს ევროპის სასამართლოში ჩივილის უფლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩივილის უფლება აქვს მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულს. საჩივრის შეტანა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. არსებობს კიდევ ერთი მნიშნელოვანი გარემოება. მომჩივანმა შესაბამის სახელმწიფოში უნდა ამოწუროს სამართლებრივი დაცვის ყველა რესურსი და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მას შემდეგ რაც ქვეყანაში უმაღლესი ინსტანციის სასამართლო გამოიტანს განაჩენს (ძირითადად იგულისხმება უზენაესი სასამართლო), პირს აქვს 6 თვე რომლის განმავლობაშიც შეუძლია მიმართოს ევროპის სასამართლოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სარჩელი აღარ განიხილება. ადამიანის უფლებათა სასამართლოში ჩივილისას, თავდაპირველი სარჩელი მნიშვნელოვნად იცვლება. მომჩივან პირს (როგორც ფიზიკურს, ასევე იურიდიულს) არ გადააქვს იგივე სარჩელი, რის მიხედვითაც ქვეყანაში ხდებოდა საქმის წარმოება. ახალი სარჩელი აუცილებლად უნდა ეხებოდეს ადამიანს უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ერთ–ერთ უფლებას. კონვენციით დაცული უფლებებია:

  • სიცოცხლის უფლება;
  • სისხლის სამართლისა და სამოქალაქო ხასიათის საქმეების სამართლიანი განხილვის უფლება;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
  • აზრის გამოხატვის თავისუფლება;
  • აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
  • საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება;
  • არჩევნებში ხმის მიცემის და საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება.

კონვენცია კრძალავს:

  • ადამიანის წამება და არაადამიანური თუ დამამცირბელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობას;
  • თვითნებურ და უკანონო პატიმრობას;
  • დისკრიმინაცია კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას;
  • საკუთარი მოქალაქეების სახელმწიფოს ტერიტორიიდან გაძევებას ან მათ ამ ტერიტორიაზე შესვლის დაბრკოლებას;
  • სიკვდილით დასჯას;
  • უცხოელთა კოლექტიურ გაძევებას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციით მინიჭებული უფლებები და დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც რატიფიცირებული აქვთ აღნიშნული კონვენცია.