ითანამშრომლე გამოძიებასთან1481 2012.10.18
ითანამშრომლე გამოძიებასთან
სავსებით შესაძლებელია, ადრე თუ გვიან თითოეულ თქვენთაგანს მოუწიოს გამოძიებასთან თანამშრომლობა და სასამართლოში მოწმის სტატუსით მონაწილეობის მიღება. ხდება ისეც, რომ ადამიანები უარს აცხადებენ არა მხოლოდ სასამართლოში წარდგომაზე, არამედ ჩვენების მიცემაზეც კი. ზოგჯერ ამის მიზეზი შიშია, ზოგჯერ მათ არ გააჩნიათ სათანადო ინფორმაცია, თუ როგორ განმარტავს კანონმდებელი მოწმის უფლებებსა და ვალდებულებებს.

სასამართლოში ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად მოწმის სტატუსით სარგებლობენ და მისი მოვალეობები ეკისრებათ გამომძიებელს, პროკურორს, დაზარალებულს, ექსპერტსა და თარჯიმანს. მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის ფიცს, რისი დადების წინაც სასამართლო ვალდებულია მოწმეს აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით. ფიცის ან მისი შემცვლელი დადასტურების განხორციელების ფაქტი დასტურდება მის მიერ ფიცის დადასტურების ტექსტზე ხელმოწერით. მოწმეს აქვს უფლება იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული, იყოლიოს თარჯიმანი სახელმწიფოს ხარჯზე აუცილებლობის შემთხვევაში. გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს,მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებების და ცვლილებების შეტანა; არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს; მოითხოვოს სპეციალური დაცვა და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში. მოწმე ვალდებულია გაამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით: უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; არ გაამჟღავნოს მისთვის ცნობილი საქმის გარემოებები თუ არსებობს ამის შესახებ სასამართლოს მოღხოვნა; დაიცვას წესრიგი სასამართლოში; სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლოს სხდომის დარბაზი. არსებობს პირთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც არ არიან ვალდებულნი მისცენ ჩვენება მოწმის სტატუსით. ესენი არიან: ადვოკატი, სასულიერო პირი, ბრალდებულის ახლო ნათესავი, სახალხო დამცველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, საქართველოს პარლამენტს წევრი, მოსამართლე, ჟურნალისტი, ტრეფიკინგის მსხვერპლი, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის მქონე პირი, ზოგ შემთხვევაში ასევე სამედიცინო მუშაკი, ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული პირი და სხვა კანონით უფლება მინიჭებული პირები. ითანამშრომლეთ გამოძიებასთან, ამით თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ სიმართლის გამოაშკარავებაში. გისურვებთ სამართლიანობას.