სამართლიანი ექსპერტიზის უფლება2163 2012.10.18
სამართლიანი ექსპერტიზის უფლება
სასამართლო ექსპერტიზა, როგორც მეცნიერება მოიცავს ფართო სპექტრს, რომელიც პასუხს სცემს სამართლებრივი სისტემის მიერ დასმულ კითხვებს როგორც კრიმინალურ, ასევე სამოქალაქო და სხვა სახის საქმესთან დაკავშირებით. ( Forensic science (often shortened to forensics) is the application of a broad spectrum of sciences to answer questions of interest toa legal system. This may be in relation to a crime or a civil action ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ექსპერტს ენიჭება ყველა ის უფლება–მოვალეობა რაც გააჩნია მოწმეს. მას ევალება მიუკერძოვებლობა, მიუხედავად იმისა, თუ პროცესში მონაწილე რომელმა მხარემ მიიწვია. ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს ყველა იმ დოკუმენტს, თუ სხვა სახის მასალას, რაც სჭირდება საექსპერტო საქმიანობის განხორციელებაში . შეუძლია აიღოს საკვლევი ობიექტის საცდელი ნიმუშები, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. თუ ექსპერტიზის პროცესში დასმული საკითხები სცილდება ექსპერტის კომპეტენციის და ცოდნის ფარგლებს, ან არ გააჩნია საქმის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობები და მასალები, მან უარი უნდა თქვას დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე და არ გასცეს დასკვნა.

ექსპერტი ასევე უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, პროკურორის ნებართვით, დაესწროს საგამოძიებო მოქმედებებს. ექსპერტი ვალდებულია მის დასკვნაში ასახოს საქმესთან ნებისმიერად დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დასკვნა, მიუხედავად იმისა დაუსვეს თუ არა მას კითხვა აღნიშნულის შესახებ. საექსპერტო კვლევა მრავალი სახისაა. ის შეიძლება იყოს სასაქონლო; ქიმიურ–ნარკოლოგიური; საინჟინრო; სამედიცინო; ბიოლოგიური; კომპიუტერული, კრიმინალისტიკური; ფსიქიატრიული და სხვა. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კანონით დაუშვებელია მოწმის სანდოობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტის მოთხოვნის უფლება გააჩნია როგორც დაზარალებულ, ასევე ბრალდებულ მხარეს.