რის ფასად უჯდება საქართველოში ადვოკატს არასრულწლოვნის უფლებების დაცვა912 2015.11.09
რის ფასად უჯდება საქართველოში ადვოკატს არასრულწლოვნის უფლებების დაცვა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკე-საბურთალოს პოლიციის Vგანყოფილების შენობაში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში სცემეს ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც ამ დროისთვის ელიზაბედ ბლექველის ჰოსპიტალში იმყოფება. სახალხო დამცველის რწმუნებულები ჰოსპიტალში პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ გიორგი მდინარაძეს, რომელსაც არაერთი დაზიანებება აღენიშნება: სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში, ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში, სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს. როგორც თავად ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, იგი 8 ნოემბერს დაახლოებით 2:15 საათზე მივიდა პოლიციის შენობაში არასრულწლოვანი პირის ინტერესების დასაცავად. დაკითხვის პროცესის დაწყებამდე მან გამომძიებელს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი იყენებდა დუმილის უფლებას. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ცალკე ოთახში სასაუბროდ გაიყვანეს, რასაც ესწრებოდა ასევე მისი მამა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატის მიმართ გამოხატეს აგრესია. იგი შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში და პოლიციის დაახლოებით ხუთმა თანამშრომელმა და მათ შორის პოლიციის უფროსმა, რომლის სახელსა და გვარს ადვოკატი ასახელებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ, შეადგინეს მისი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და საბოლოოდ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, ხოლო საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაქტს იძიებს პროკურატურა.

გამოძიება მიმდინარეობს თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტების საფუძველზე. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ აღნიშნულ ფაქტს ისინი არ დატოვებენ უყურადღებოდ. დღეს 1 საათზე გამართულ შეხვედრაზე ადვოკატებმა იმსჯელეს და აცხადებენ, რომ სასამართლოს სოლიდარობის ნიშნად წარუდგენენ დაცვის ორდერებს გიორგი მდინარაძის მიმართ და არაადეკვატური რეაგირების შემთხვევაში აუცილებლად გააპროტესტებენ. მათი აზრით, დაუყოვნებლივ, ობიექტურად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს პროკურატურამ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, განახორციელოს დანაშაულის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოავლინოს დამნაშავე პირები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც, რომლეშიც აღნიშნავდა, რომ დროის უმოკლეს ვადებში უნდა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოყენებულ იქნას ისეთი საპროცესო ღონისძიებები, რომლითაც გამოირიცხება სავარაუდო დამნაშავე პირების მიერ ზეწოლა, იძულება, მტკიცებულებების განადგურება, ან/და დანაშაულის კვლავ ჩადენა.