საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მსოფლიოში10642 2015.11.19
საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მსოფლიოში
ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში საერთაშორიოს ორგანიზაციების რიცხვი უმნიშვნელო იყო. დღეს კი მათი რაოდენობა 2500-ზე მეტია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. რატომ იქმნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები? რთულია ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა. საერთაშორისო ორგანიზაცია - ეს არის სახელმწიფოთაშორისი, მთავრობათშორისი ან არასამთავრობო ხასიათის მუდმივი გაერთიანება, შექმნილი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად.

ამგვარი პრობლემების რაოდენობა კი საკმაოდ დიდია: საერთაშორისო მშვიდობა, საერთაშორისო უსაფრთხოება, ეკონომიკური კრიზისი, ეკოლოგიური პრობლემები... მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის კატასტროფულმა შედეგებმა მსოფლიო აიძულა 1945 წელს საყოველთაო მშვიდობის მიზნით, შეექმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო). 1949 წლის 4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო შეიქმნა ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროკავშირსაც (ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება), რომელშიც ევროპის 28 სახელმწიფოა გაერთიანებული და ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ორგანიზაცია წინ უსწრებს აშშ-სა და იაპონიას. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება. საკმაოდ აქტუალურია ჩვენი დასავლური პოლიტიკური გეზი და ნატოში გაწევრიანების საკითხი.

ამ თემასთან დაკავშირებით, მოსახლეობის აზრი ორ ნაწილად იყოფა. ერთნი თვლიან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას. მეორენი კი ფიქრობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, კარგია მსოფლიო ბანკის მიერ მოცემული კრედიტები ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ აღებული ვალები ისევ ჩვენი გადასახდელია. ისინი აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ ორგანიზაციებში გაწევრიანება ითხოვს ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასა და რეფორმების გატარებას. ზოგჯერ შესაბამისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ქვეყნებს უწევთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. კონსტიტუცია კი უზენაესი დოკუმენტია.

მისი ავტორიტეტი მით უფრო ეცემა, რაც უფრო ხშირად და მარტივად არის შესაძლებელი მასში ცვლილებების განხორციელება. საერთაშორისო ორგანიზაციები ზღუდავენ ჩვენს თავისუფლებას, ისინი გვითითებენ როდის როგორ უნდა მოვიქცეთ და რა იქნება უკეთესი ჩვენთვის. გარკვული კატეგორია თვლის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ძირითად შემთხვევაში უმოქმედონი არიან და იშვიათად იღებენ სწრაფ, ადეკვატურ კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამ პოზიციის გასამყარებლად იმოწმებენ რუანდის გენოციდს, როდესაც გაეროს და დასავლეთის არაადეკვატურად დაგვიანებული პასუხის გამო, 1994 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800 000-დან 1 071 000-მდე ადამიანი იქნა განადგურებული ჰუტუს ტომის ექსტერმისტული დაჯგუფებების მიერ. უნდა გავერთიანდეთ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამის განსაზღვრა თქვენთვის მოგვინდია.

მანამდე კი შეგვიძლია გადავხედოთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების სიას, რომელთა წევრიცაა საქართველო: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის ცენტრალური ბანკი, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, ევროპის სტატისტიკის სამსახური, ევროპის საბჭო და ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა.

რატომ იქმნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები? რთულია ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა. საერთაშორისო ორგანიზაცია - ეს არის სახელმწიფოთაშორისი, მთავრობათშორისი ან არასამთავრობო ხასიათის მუდმივი გაერთიანება, შექმნილი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად. ამგვარი