ალიმენტი წარსული დროისთვისაც შეიძლება განისაზღვროს!2142 2015.12.03
ალიმენტი წარსული დროისთვისაც შეიძლება განისაზღვროს!
ბოლო პერიოდის მსოფლიოში განქორწინებების რიცხვი საკმაოდ მაღალია და შესაბამისად აქტუალობას არ კარგავს ალიმენტის გადახდის საკითხიც. რა არის ალიმენტი? ალიმენტი ლათინური სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. ალიმენტის დაკისრება ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც მეტად მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს. როდესაც გვესმის სიტყვა ალიმენტი, უმეტესად ასოციაცია გვიჩნდება მშობლის მიმართ, რომელიც განქორწინების შემდეგ მეუღლეს შვილის უზრუნველყოფის მიზნით უხდის გარკვეულ თანხას. მაგრამ საინტერესო ფაქტია, რომ ალიმენტვალდებული პირი ხდება როგორც მშობელი, ისე შვილი.

ასევე არსებობს ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო ვალდებულებები ანუ ალიმენტის მიმღები და გამცემი, მოქმედი კანონმდებლობით შეიძლება იყოს და-ძმა, მეუღლე, ბებია, პაპა, გერი, დედინაცვალი, მამინაცვალი და ასევე ფაქტობრივი აღმზრდელიც, რომელთანაც იმყოფებოდა პირი მუდმივ აღსაზრდელად. ალიმენტის დაკისრება იწყება სარჩელის წარდგენიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ალიმენტის ძირითადი დანიშნულებაა ბავშვის ნორმალური აღზრდის მატერიალური უზრუნველყოფა. შესაბამისად, სწორედ სასამართლო განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ არ შეიძლება ალიმენტის მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით გადავიდეს ოჯახის რომელიმე წევრზე. ამრიგად, ალიმენტის მოთხოვნის უფლება ხორციელდება მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში, რასაც საფუძვლად უდევს საალიმენტო შეთანხმება ან სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.

იმ შემთხვევაში თუ ალიმენტის მომთხოვნს ად ალიმენტის გადამხდელს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ალიმენტისოდენობას, თითოეული მეუღლის, მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასამართლო.საინტერესოა, როგორ ხდება საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტა და ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აღნიშნულის შესრულება ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ხოლო, რაც შეეხება საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტას, მისი ყველაზე გავრცელებული და ნორმალური საფუძველია აღნიშნულის ჯეროვანი შესრულება. თუ უფლებამოსილი პირი მიაღწევს სრულწლოვანებას, მას ალიმენტის მოთხოვნის უფლება უწყდება, რა თქმა უნდა, თუ იგი არ არის შრომისუუნარო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არსებობს საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტის ისეთი საფუძვლები, როგორიცაა, მაგალითად: საალიმენტო ვალდებულების ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება, შეთანხმების ვადის გასვლა, და საალიმენტო შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამდენად, ალიმენტის მიმღების ან გადამხდელის გარდაცვალება უდავოდ იწვევს საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტას.

აღსანიშნავია, რომ ალიმენტი დაუყოვნებელ აღსასრულებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, და მასზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ხშირი შემთხვევები, როცა ხდება თანხის გადახდისაგან თავის არიდება, ზოგი თანხას ნებაყოფლობით იხდის, ზოგი ალიმენტვალდებული პირი კი საერთოდ არ მუშაობს. ამ უკანასკნელთა რიცხვი, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ზოგიერთი მათგანი არანაირ ქონებას არ ფლობს და, რა თქმა უნდა, მათ მიერ თანხის გადახდა და მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება ვერ ხერხდება.