,,გადამდგარი პრემიერ-მინისტრი და   ცვლილებები მთავრობაში“ 961 2015.12.24
,,გადამდგარი პრემიერ-მინისტრი და ცვლილებები მთავრობაში“
საქართველოში განვითარებული მოვლენების საფუძველზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ცვლილებელია მოსალოდნელი მთავრობაში კონსტიტუციის მიხედვით. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის ძალოვან მინისტრებს. პრემიერ–მინისტრის გადადგომა ან უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას. თუ მთავრობას უფლებამოსილება სხვა მიზეზით (არა ახალი პარლამენტის არჩევის გამო) შეუწყდა, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატს წარადგენს დასამტკიცებლად, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობით ყველაზე დიდი ფრაქცია შესთავაზებს.

გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს ასევე შვიდღიანი ვადა აქვს. თუ პარლამენტი ორ მცდელობაზე ვერ დაამტკიცებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მთავრობას, მაშინ პრეზიდენტი უკვე დეპუტატთა ორი მეხუთედის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას წარადგენს დასამტკიცებლად და მხოლოდ მას შემდეგ დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუ ვერც მესამე ცდაზე მოხერხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება.